მოწოდებული ინფორმაცია
2023 წლის 23 თებრვალს, ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, კერძოდ კი „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული მდგომარეობის შესახებ. მეორე დღეს, 24 თებერვალს, ეს სიუჟეტი ტელეკომპანიის ვებ გვერდზეც დაიდო.
„თუ გინდათ გაიგოთ, როგორ უძლებს რუსეთი მძიმე სანქციებს, აქ უნდა ჩამოხვიდეთ, მოსაზღვრე საქართველოში… ეს პუტინის მომარაგების ხაზია“, – -ასე იწყებს ტელეკომპანიის ჟურნალისტი კირ ჰარდი ბრენან-სიმონსი რეპორტაჟს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან.
სიუჟეტის თანახმად, პუტინის რეჟიმს საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებაში საქართველო და ჩინეთი ეხმარებიან; ავტორის თქმით, ამას სატელიტიდან გადაღებული ის ფოტოებიც მოწმობს, რომელიც საქართველო-რუსეთისა და ჩინეთ-რუსეთის საზღვრებზე არსებულ ვითარებას ასახავს…
NBC-ის ჟურნალისტი ჯერ იმ მძღოლს ესაუბრება, რომელსაც რუსეთში „ქსეროქსის“ პრინტერის მელანი გადააქვს, რის შემდეგაც ის, მაყურებელს უკვე 25 მილის მოშორებით, გუდაურში, „თოვლში დამალულ აღმოჩენას“ – ორ ახალ ამერიკულ პიკაპს უჩვენებს. მას შემდეგ, რაც მანქანების პატრონისგან შეიტყობს, რომ მანქანები საზღვარზე ყოველ კვირას გადაჰყავს, აღშფოთებული ბრენან-სიმონსი კითხულობს: „არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ომი მიმდინარეობს?“.
რეპორტაჟის ბოლოს ჟურნალისტი სამშენებლო ობიექტის – ახალი გვირაბის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობაში ჩინეთიც მონაწილეობს.
„ ნახევარმილიარდ დოლარიანი პროექტის განხორციელება უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაიწყო, მისი ამოქმედების შემდეგ რუსეთთან მეტი ვაჭრობა იქნება. ნათელია, რომ ყველა ქვეყანას არ სურს, ეს გზის დასასრული იყოს მოსკოვისთვის“, – ასე ამთავრებს რეპორტაჟს კირ ჰარდი ბრენან-სიმონსი.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს ტელეკომპანია NBC – ის ჟურნალისტის, კირ ჰარდი ბრენან-სიმონსის მიერ საქართველოში შესახებ მომზადებულ სიუჟეტს და მას „არაპროფესიონალურს და მიკერძოებულს“ უწოდებს, რომელიც „კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული საქართველოს დისკრედიტაციისთვის“.
უწყების განცხადებით, სიუჟეტში ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ „საქართველოზე გადის პრეზიდენტ პუტინის მომარაგების ხაზი“ და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, – არის სრული სიცრუე და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია.
„ნამდვილად დასანანია, რომ სიუჟეტის ავტორის მხრიდან არ ყოფილა არანაირი კომუნიკაციის მცდელობაც კი იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში, უფრო მეტ სიცხადეს შეიტანდნენ „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებით, რაც გასაკვირია საერთაშორისო მედიის მხრიდან“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ თემაზე გამოთქმული ყველა მოსაზრება, მათ შორის, რიგ საერთაშორისო მედიაში, ასევე, ზოგიერთი ადგილობრივი თუ უცხოელი პოლიტიკოსის განცხადება – არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი და სპეკულაცია.
საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.
აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა რისკის პროფილები, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების და/ან კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ სწორედ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის – რენტგენო-სკანერები. ასევე გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები, შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, შემოსავლების სამსახურს საშუალება მიეცა, მიეღო საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება. ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის 2 თანამშრომელმა უკვე მოიპოვა ექსპერტის სერტიფიკატი.
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. მათ შორის სანქციები შეეხო აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთში ან ბელორუსში შეტანასაც, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებში, ტვირთი რომ ჩაითვალოს სანქცირებულად, მსუბუქი ავტომობილის ღირებულება უნდა იყოს 50 000 აშშ დოლარზე მეტი (აშშ-ის სანქციების მიხედვით) ან 50 000 ევრო და მეტი (ევროპის საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით). აღნიშნული შეზღუდვა, უწყების მხრიდან, მკაცრ მონიტორინგს/აღსრულებას ექვემდებარება (აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად). რაც შეეხება ამავე სიუჟეტში ნახსენებ ქსეროქსის პრინტერების მელანს – ის თუნდაც აშშ-დან ან ევროკავშირიდან რომც ყოფილიყო შემოტანილი, აღნიშნული საქონელი არ ხვდება არც ამერიკის, არც ევროპისა და არც სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების სანქცირებული საქონლის სიაში. შესაბამისად, მათი გადაადგილების შეზღუდვა ჩვენი მხრიდან ვერ განხორციელდებოდა“, – აცხადებს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
რაც შეეხება საბაჟო გამშვებ პუნქტათან არსებულ რიგებს, უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს: „ზამთრის პერიოდში, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, პერიოდულად შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დარიალის ხეობაში არსებულ„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს ხშირად უწევს საგანგებო რეჟიმში მუშაობა. მეტეოროლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ კი საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებს და შესაბამისად, მოლოდინის რეჟიმში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად ახორციელებენ დანიშნულების ქვეყნებისკენ გადაადგილებას“.
„რაც შეეხება ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის გვირაბს, ძალიან სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორს არ უხსენებია, რომ ეს პროექტი ფინანსდება ავტორიტეტული დონორი საერთაშორისო ინსტიტუტების – აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ. პროექტზე 2019 წლის თებერვლის თვეში გამოცხადებული იყო საერთაშორისო ტენდერი სწორედ ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესებით და ამავე წესების მკაცრი დაცვით განხორციელდა კონტრაქტორი კომპანიის შეჩევა. შესაბამისად, უხერხულია მისი დაკავშირება რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების მცდელობასთან მით უფრო, რომ ეს პროექტი დამტკიცდა რამდენიმე წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომამდე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამსახურის განმარტებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში, არის ერთ-ერთი უმოკლესი სახმელეთო გზა რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის. ასევე, აღნიშნული გზა თურქეთს აკავშირებს რუსეთთან და მთელი ეს სატრანზიტო დერეფანი მკაცრად კონტროლდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და ყველა შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმირებულები არიან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებს, საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებით რეალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ პროცესში.
სანქციების შესაძლო თავის არიდების საკითხზე კომენტარი, თავის დროზე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კენი დეგნანმაც გააკეთა.
„მე ვიცი, რომ მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამას, რომ სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას მონიტორინგი ძალიან ყურადღებით გავუწიოთ და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხზე განცხადება, დაახლოებით ერთი თვის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გაავრცელა.
„სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხდებაში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია NBC-ით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „პრეზიდენტ პუტინის მომარაგების ხაზი საქართველოზე გადის“, არის სიყალბე.