„საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს დატოვების მსურველებისგან რუსეთის საზღვართან საცობი შეიქმნა“
მოწოდებული ინფორმაცია
2023 წლის 8 მარტის საღამოს, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოზე, ასობით მანქანის საცობი შეიქმნა. რუსულმა მედიამ ეს ფაქტი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებით ახსნა.
„საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს დატოვების მსურველებისგან რუსეთის საზღვართან საცობი შეიქმნა“, – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ინფორმაცია „იზვესტიამ“.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შექმნილ მდგომარეობას რუსი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მარგარიტა სიმონიანიც გამოეხმაურა.
„ოჰ, ზემო ლარსელები უკან მორბიან! ისევ საცობებია, ახლა სხვა მიმართულებით. თქვენ არ გაქვთ სამშობლო, თქვენ არ ხართ გასახლებულები“, – წერს მარგარიტა სიმონიანი თავის ტელეგრამ-არხზე.
გადამოწმებული: 1tv.ge
2023 წლის 8 მარტს, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან ნამდვილ იყო საავტობობილო საცობი. თუმცა, მისი მიზეზი, როგორც „ინსაიდერმა“ დაადგინა, თბილისში განვითარებული მოვლენები ნამდვილად არ იყო. აღსანიშნავია, რომ ამას ზოგიერთი რუსული მედისაშუალებაც აღიარებს.
„რუსმა ალექსეიმ, რომელიც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან დაახლოებით 10 საათის განმავლობაში იდგა საცობში, რათა რუსეთში შესულიყო, Gazeta.Ru-ს განუცადა, რომ საცობი, რამდენიმე დღით ადრე ზვავის ჩამოწოლის გამო, გზის ჩაკეტვამ განაპირობა. მან აღნიშნა, რომ საზღვარზე მანქანების დაგროვება საქართველოში გამართულ მიტინგებს არ უკავშირდება. ჩვენ საცობში ვიყავით ჩარჩენილი. ქართული და რუსული საგუშაგოების წინ შექმნილი საცობის გამო, საერთო ჯამში, დაახლოებით 10 საათი დავკარგეთ. ასეთი საცობის მიზეზი კი გზის რამდენიმედღიანი ჩაკეტვის (ზვავი იყო ჩამოწოლილი) შედეგად მანქანების დაგროვებაა, ზოგიერთი მძღოლი კი შემხვედრ სამოძრაო ზოლში გაძრომას ცდილობდა… საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან არანაირი კავშირი არ არსებობს“, – წერს „Газета.Ru“.
RTVI-ც ადასტურებს, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 5 მარტს უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო დაიკეტა და ის მხოლოდ 7 მარტის საღამოს გაიხსნა. სწორედ ამან განაპირობა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საავტომობილო საცობის შექმნა.
ონლაინ-რუკის სკრინშოტიდან ჩანს, რომ აღნიშნულ პერიოდში საცობი არსებობდა საპირისპირო, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებითაც. თუმცა, ის გაცილებით მოკლეა. შესაძლოა, საზღვარზე საცობი იმის გამოც შეიქმნა, რომ რუსებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ზემო ლარსის მახლობლად მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური და იმ დღეებში, როცა ზვავის გამო საზღვარი ჩაიკეტა, გუდაურში მყოფმა ბევრმა რუსმა დამსვენებელმა უკან, სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.
9 მარტის დილიდან ზემო ლარსის რაიონში მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდა.
შესაბამისად, „იზვესტიას“ და მარგარიტა სიმონიანის მიერ გავრცელებული ზემოთ მოყვანილი ინფორმაციები არის სიყალბე.