„სომხურმა კომპანიამ კაცხის სვეტი საკუთარი ქვეყნის არქიტექტურად წარმოადგინა“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 9 სექტემბერს ქართულ მედიასა და ფისბუქ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „სომხურმა კომპანიამ კაცხის სვეტი საკუთარი ქვეყნის არქიტექტურად წარმოადგინა“.

ინფორმაცია ეყრდნობა 8 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდ Armenia Art & Architecture-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელზეც გამოსახულია ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე კაცხის სვეტის ფოტო წარწერით, „კაცხის სვეტი, სომხეთი“.

აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელებში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მას 16,000-ზე მეტი კომენტარი და 6,000-მდე გაზიარება აქვს.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკმა“ დაადგინა, რომ ფეისბუქ-გვერდი „Armenia Art & Architecture“ სომხურ კომპანიას არ ეკუთვნის. ის იტალიაში რეგისტრირებული კომპანია Process Group-ის ნაწილია, რომელიც უშვებს ციფრულ ჟურნალებს Art & all-ის სახელწოდებით. სწორედ ამ სერიის ნაწილია Art & Architecture-ის ფეისბუქ-გვერდი, რომელიც კონკრეტულად სომხეთს ეძღვნება. მის გარდა, არსებობს Greece Art & Architecture, USA Art & Architecture და ა.შ. ფეისბუქ-გვერდები. კომპანიის მეპატრონეა ირანელი დოქტორი მაჰმუდ რეზა აზიზი.

რაც შეეხება Armenia Art & Architecture-ის მიერ კაცხის სვეტის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს, დოქტორმა აზიზიმ განაცხადა, რომ გვერდის ადმინისტრატორი მისი შვილია და ცდილობს, მასთან გაარკვიოს, რატომ გაიპარა პოსტის დადებისას შეცდომა.

ამდენად, ქართულ მედიასა და ფისბუქ-სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „სომხურმა კომპანიამ, კაცხის სვეტი საკუთარი ქვეყნის არქიტექტურად წარმოადგინა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით