„საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას, რუსებს ავალდებულებენ, აღიარონ, რომ რუსეთი აგრესორია და მოახდინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია...“
მოწოდებული ინფორმაცია
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე ავალდებულებენ, რომ რუსეთი აღიარონ აგრესორ ქვეყანად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევად. მისივე მტკიცებით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე სთხოვენ, ითვალისწინებს დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების დაგმობას.
ვოლოდინმა შესთავაზა დუმის წევრებს, გაერკვნენ სიტუაციაში, როდესაც მათ თანამოქალაქეებს ანტირუსული „დოკუმენტების“ ხელმოწერას სთავაზობენ.
„უნდა გავერკვიოთ ამაში, რადგან პირველი პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა არის აგრესორი. ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. მეორე პუნქტი აღიარებს, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია. მესამეში აღიარებულია, რომ სეპარატიზმის ხელშეწყობის დროს ჩადენილი იყო ეთნიკური წმენდა. მეოთხე გმობს რუსეთის ყველა სამხედრო მოქმედებას დამოუკიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ და ა.შ. რა არის ეს? იქნებ, კარგიც კი არის, რომ ვინც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა, გაიქცა და წავიდა? საჭირო არ არის, გამოვეკიდოთ. მათ უკვე გვიღალატეს. თუმცა, მაინც უნდა ვუთხრათ: მათ საკუთარი ქვეყნის, ერის წინაშე მრავალი დანაშაული ჩაიდინეს. თუ უკან დაბრუნებას გადაწყვეტენ, დაისჯებიან“, – აღნიშნა რუსეთის დუმის თავმჯდომარემ.
გადამოწმებული: 1tv.ge
„დოკუმენტი“, რომელზეც რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი აპელირებს, საქართველოს არცერთ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სასაზღვრო პოლიციას არ ეკუთვნის და შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, რუსეთის მოქალაქეებს მის ხელმოწერას არავინ აიძულებს.
დოკუმენტი, რომელზეც ვიაჩესლავ ვოლოდინი საუბრობს, მოძრაობა „სირცხვილიამ“ შეადგინა, რასაც ეს ორგანიზაცია თავის ფეისბუქ-გვერდზე ადასტურებს.
„რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სთხოვენ მოაწერონ ხელი დოკუმენტს, რომელიც მათგან რუსეთის ოკუპანტად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევად და აგრესორად აღიარებას ითხოვს. სინამდვილეში, აღნიშნული „დოკუმენტი“ შექმნა „სირცხვილიას“ აქტივისტმა და გააგზავნა ტელეგრამ ჩატში სახელოწდებით „ზემო ლარსი – ჩატი“. ფორმა სპეციალურად იყო შედგენილი ორთოგრაფიული შეცდომებით და ის რამდენიმე წუთში წაიშალა რუსების ჩატიდან, ჩვენი აქტივისტი კი დაიბლოკა. დღეს, რუსეთის დუმაში აღნიშნული „დოკუმენტის“ საფუძველზე განიხილება საქართველოში შემოსული რუსების მოღალატეებად გამოცხადების საკითხი – რუსეთის დუმის თავმჯდომარე „დაიტროლა“, – აცხადებს მოძრაობა „სირცხვილია“.
ამდენად, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადება, რომ „საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას, რუსებს ავალდებულებენ, აღიარონ, რომ რუსეთი აგრესორია და მოახდინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია…“, არის სიყალბე.