მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 9 ივლისს, საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმმა“ (saqinform.ge) გაავრცელა ინფორმაცია სათაურით: „ის, რის თქმასაც თბილისში მოერიდა, აპატურაიმ ვილნიუსში განაცხადა“.

ინფორმაცია შეეხება სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის ვიზიტს საქართველოში, უკრაინასა და ლიეტუვაში და იმ განცხადებებს, რომელიც აპატურაიმ ამ ქვეყნებში ვიზიტის დროს გააკეთა.

„ქართული სტუმართმოყვარეობის შემდეგ, ღორი უნდა იყო, რომ განაცხადო – საქართველოს ნატო-ში მალე არ მიიღებენ, თუკი საერთოდ ოდესმე მიიღებენ!“, – წერს „საქინფორმი“, რომლის მტკიცებითაც, აღნიშნული განცხადება („საქართველოს ნატოში მალე არ მიიღებენ, თუკი საერთოდ ოდესმე მიიღებენ“) აპატურაიმ ვილნიუსში გააკეთა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, 2021 წლის ივლისის დასაწყისში, საქართველოში იმყოფებოდა. „საქართველოს პირველ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, მან ხაზგასმით აღნიშნა, ნატო-ში გაწევრიანებამდე საქართველო აუცილებელად მიიღებს წევრობის სამოქმედო გეგმას და მისი აზრით, MAP-ის მიღების შემდეგ საქართველოს დიდხანს ლოდინი არ მოუწევს და მალევე გახდება ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.

მოგვიანებით, ჯეიმს აპატურაი, ვილნიუსში, უკრაინის რეფორმების შესახებ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა. ის გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანას სურდა ნატო-ში გასაწევრიანებელად აუცილებელი კრიტერიუმების ჩამონათვლის მიღება

„ეს ასე არ მუშაობს. არ არსებობს გამოკვეთილი კრიტერიუმები, რომლის შესრულების შემდეგაც გეგმის მიცემა ან ალიანსის წევრობა შეიძლება, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა წმინდა ტექნიკური კრიტერიუმი… მე არ ვამბობ, რომ რეფორმებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის კავშირი არ არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ მხოლოდ ჩამონათვალის შესრულება საკმარისი არ არის,“ – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ ვილნიუსში.

რაც შეეხება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას და მის ვადებს, ამ საკითხს ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ვილნიუსში საერთოდ არ შეხებია.

შესაბამისად, საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ვილნიუსში ვიზიტის დროს ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ „საქართველოს ნატო-ში მალე არ მიიღებენ, თუკი სეართოდ ოდესმე მიიღებენ“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით