

მოწოდებული ინფორმაცია
რუსულმა მედიასაშუალებებმა („ლენტა.რუ“, „ნოვოროსიაინფორმი“ და სხვა) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ნატო-ს მიერ გაგზავნილ დონორის სისხლიში აივ და სხვადასხვა ტიპის ჰეპატიტი აღმოჩნდა.
„კიევმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს 62000 ლიტრი სისხლი მოსთხოვა, რომელიც მალევე მიიღო. მოგვიანებით, უკრაინელმა ექიმებმა, მიღებული სისხლის ტესტირებისას, დაადგინეს, რომ პირველ ჯგუფში ნიმუშების 6,3 პროცენტი აივ-ით იყო ინფიცირებული, 7,4 პროცენტი – B ჰეპატიტით, ხოლო 3,2 პროცენტი -C ჰეპატიტით. მეორე ჯგუფში აივ-ით დაზიანებული აღმოჩნდა ნიმუშების 5,9 პროცენტი, B ჰეპატიტით – 6 ,8 პროცენტი, C ჰეპატიტით – 3,1 პროცენტი“, – წერს რუსული მედია, რომლის მტკიცებითაც, „ახლა უკრაინა მომაკვდინებელი დაავადებების ეპიდემიის წინაშე დგას“.
აღნიშნული რუსული მედიასაშუალებები ინფორმაციის პირველწყაროდ ტელეგრამ-არხ Mash-ს ასახელებენ, რომელიც, თავის მხრივ, „ანონიმურ წყაროებზე“ საუბრობს, რომლებმაც „უკრაინის პრემიერ-მინისტრის შიდა მონაცემთა ბაზა გატეხეს და კონფიდენციალური დოკუმენტები გამოაქვეყნეს“.
გადამოწმებული: 1tv.ge
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ უარყო რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პერიოდში, დონორის სისხლის ან მისი კომპონენტების მიწოდების მოთხოვნით, უცხოელი პარტნიორებისთვის არ მიუმართავს.
„უკრაინამ შექმნა სისხლის ეროვნული სამსახური, რომელიც ევროპული სტანდარტების მიხედვით მუშაობს და და უსაფრთხო დონორის მაღალი ხარისხის სისხლის კომპონენტებზე საკმარისი რაოდენობის პაციენტების წვდომას უზრუნველყოფს“, -აღნიშნულია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყება განმარტავს, რომ უკრაინა, ომის პირველივე დღეებიდან, ინარჩუნებს ე.წ „დონორთა ფრონტს“ – თუ სისხლის ცენტრებში იქმნება სისხლის დეფიციტი, ხალხი აქტიურად პასუხობს თხოვნებს და პრობლემა რამდენიმე საათში გვარდება. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი დონორის სისხლი ან მისი კომპონენტები ყოველთვის და გამონაკლისის გარეშე გადიან ლაბორატორიულ ტესტებს და არა ცალკეული ნიმუშების შემთხვევით შემოწმებას, როგორც ამას რუსული მედია აცხადებს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის შიდა მონაცემთა ბაზიდან „მოპოვებულ წერილს“, როგორც უკრაინის უწყება აღნიშნავს, მასში თვალშისაცემია ორთოგრაფიული შეცდომები, გამოიყენება წერის შეუსაბამო სტილი და ა.შ.
„სტოპფეიკმა“ ასევე გაარკვია, რომ მართალია, ყალბ დოკუმენტში არის დეტალები, რომლებსაც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო საოფისე მუშაობის დროს რეალურად იყენებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მინისტრის ციფრული ხელმოწერა, კერძოდ, მასში არსებული თარიღი და რიგითი ნომერი, უკვე გამოყენებული იყო სხვა დოკუმენტში და სწორედ ამ „სხვა დოკუმენტიდან“ მოხდა QR კოდისა და ხელმოწერის კოპირება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ნატო-მ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დავირუსებული დონორის სისხლი გაუგზავნა“, არის სიყალბე.