მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 2 აგვისტოს ქართულმა ვებ-პორტალმა „ტვმ ნიუსმა“ (tvm.ge) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „სამმა ამერიკულმა კომპანიამ უკრაინაში 17 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა იყიდა“.

„სამმა ამერიკულმა კომპანიამ უკრაინაში 17 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა იყიდა… თუ ეს ამერიკული კომპანიები ამ მიწებს ხელში ჩაიგდებენ და ამაში რუსეთი ხელს არ შეუშლის, მსოფლიოს გარანტირებული ექნება შიმშილობა“, – წერს „ტვმ ნიუსი“(ცნობისთვის: 17 მილიონი ჰექტარი, ანუ, 170 ათასი კვადრატული კილომეტრი სასოფლო-სამეურნეო მიწა უკრაინის მთელი ტერიტორიის 28 პროცენტია).

ანალოგიური ინფორმაცია, ქართული ვებ-პორტალის გარდა, რუსულ მედიაშიც გავრცელდა (Газета.ру, NewsFront, Вести.ру და სხვა).

გადამოწმებული: 1tv.ge

უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზარმა მუშაობა 2021 წლის 1 ივლისს დაიწყო, თუმცა – მთელი რიგი შეზღუდვებით. მათ შორის მთავარია უცხოელებსა და უცხოელების საკუთრებაში არსებული კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვა.

მართალია, ეს შეზღუდვა შეიძლება მოიხსნას, მაგრამ მხოლოდ სრულიად უკრაინული რეფერენდუმის შემდეგ, რომელზეც გამოტანილი იქნება საკითხი მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის ნებართვის შესახებ. ჯერჯერობით ასეთი რეფერენდუმი უკრაინაში არ ჩატარებულა. ამიტომ მიწის უცხოელებზე გაყიდვა არ შეიძლება.

მეორე შეზღუდვა არის ის, რომ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ შეიძინონ 100 ჰექტარამდე, იურიდიულ პირებს კი – 10 ათას ჰექტარამდე მიწა.

უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, მიწის ბაზრის ჰუნქციონირებიდან გასული ერთი წლის განმავლობაში გაიყიდა 0,26 მილიონი ჰექტარი მიწა. ეს არის გეოკადასტრში შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის (32,6 მლნ ჰექტარი) დაახლოებით 0,8%. რაც შეეხება „17 მილიონ ჰექტარს“, რომელზეც ზემოთ დასახელებული მედიასაშუალებები აკეთებენ აქცენტს, 65-ჯერ აღემატება უკრაინაში გაყიდული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს.

უკრაინაში უმსხვილესი მიწათმფლობელები ადგილობრივი (უკრაინული) კომპანიები არიან. თუმცა, 17 მილიონი ჰექტარი მაჩვენებლისგან ისინიც შორს არიან. უკრაინის სოფლის მეურნეობის ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშეების მიწის ფართობი  0,5 მილიონ ჰექტარს არ აღემატება, ხოლო ისეთი საერთაშორისო მოთამაშეები, როგორებიც Cargill, Dupont და Monsanto არიან (გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მათ იყიდეს 17 მილიონი ჰექტარი მიწა) უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სიაში, უბრალოდ, არ არიან.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვებ-პორტალ „ტვმ ნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „სამმა ამერიკულმა კომპანიამ უკრაინაში 17 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა იყიდა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით