მოწოდებული ინფორმაცია

უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი ილია კივა აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელესკის რუსეთის მოქალაქობა აქვს. ნათქვამის საილუსტრაციოდ, მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე უკრაინის პრეზიდენტის „რუსული პასპორტის“ ფოტო-ასლი გამოაქვეყნა (აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა მედიამაც („გაზეტა რუ“) გაავრცელა).

უკრაინელი ექს-დეპუტატი მოითხოვს, რომ „რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა გამოიძიოს და ძებნილთა სიაში შეიყვანოს რუსეთის მოქალაქე ვ.ა. ზელენსკი“.

ილია კივას განცხადებით, ის ფაქტი, რომ უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, თანამდებობაზე მის ყოფნას უკანონო ხდის – უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი სახელმწიფოს მეთაურის არჩევაზე წვდომის უფლებას კარგავს.

თავის მხრივ, რუსული მედია იუწყება, რომ „სკრინშოტის მიხედვით, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქის პასპორტი მოსკოვის ოლქში, ორეხოვო-ზუევოში 2001 წელს მიიღო“.

გადამოწმებული: 1tv.ge

გამოცემა „სტოპფეიკმა“ დაადგინა, რომ ვლადიმირ ზელენსკის „პასპორტის“ ფოტო-ასლი ყალბია, რაც არაერთი გარემოებით დასტურდება.

ჯერ ერთი, „პასპორტში“ არასწორად არის მითითებული ორგანო, რომელმაც გასცა ეს „დოკუმენტი“. 2001 წლისთვის ეს საქმე ევალებოდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო და სავიზო სამსახურს და ამდენად, პასპორტში უნდა არსებობდეს ჩანაწერი: „გაცემულია რუსეთის შინაგან საქმეთა განყოფილების ქალაქ N-ის საპასპორტო და სავიზო სამსახურის მიერ“. ამის ნაცვლად, ზელენსკის „პასპორტში“ დოკუმენტის გამცემ ორგანოდ მითითებულია „მიგრაციის ფედერალური სამსახური“ (ФМС). ცნობილია, რომ ამ უკანასკნელს პასპორტების გაცემის ფუნქცია 2004 წლიდან, მას შემდეგ დაეკისრა, რაც საპასპორტო და სავიზო სამსახური დაიშალა. ამდენად, 2001 წელს გაცემულ ზელენსკის „პასპორტში“ მის გამცემ ორგანოდ „მიგრაციის ფედერალური სამსახურის“ დასახელება სრული აბსურდია. ამასთან, „პასპორტში“ მითითებულია, რომ იგი გაცემულია „საოლქო ქალაქ ორეხოვო-ზუევოს რაიონში“, მაგრამ ფაქტია, რომ 2001 წელს ორეხოვო-ზუევო საოლქო ქალაქს არ წარმოადგენდა და ასეთი სტატუსი მან მხოლოდ 2004 წელს მიიღო, როდესაც მისი საზღვრები განისაზღვრა კანონით „ორეხოვო-ზუევოს საოლქო ქალაქის სტატუსისა და საზღვრის შესახებ“.

გარდა ამისა, ასევე საეჭვოდ გამოიყურება ვლადიმირ ზელენსკის ფოტო, რომელიც მისი „პასპორტისთვის“ გამოიყენეს. ასეთ დოკუმენტში არსებული ფოტო გადაღებული უნდა იყოს ანფასში, სახის ნეიტრალური გამომეტყველებით. უკრაინის პრეზიდენტის ახალგაზრდობის ფოტოების ძიებამ კი ცხადყო, რომ „პასპორტში“ გამოყენებული სურათი, რეალურად, ინტერნეტიდან იყო გადაღებული. იმისთვის, რომ ფოტო უფრო ძნელად მისაგნები ყოფილიყო, გამყალბებლებმა ზელენსკის ფოტო სარკის ეფექტით წარმოაჩინეს (ამ შემთხვევაში, გამოსახულების ძიებამ შეიძლება არ იმუშაოს).

„სტოპფეიკის“ კოლაჟი

ვლადიმირ ზელენსკის ფოტოს გაყალბებაზე სხვა ფაქტჩეკერები და მკვლევარებიც მიუთითებენ. ასე მაგალითად, ჟურნალისტმა მაქს ბერნჰარდმა, ფოტოს ანალიზისას, აღმოაჩინა, რომ „დოკუმენტზე“ ბეჭედი დასმულია იმავე ადგილას, სადაც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ, რუსეთის მოქალაქეების სხვა გაყალბებულ პასპორტებზე. პასპორტის გაყალბების გზების კვლევის პროცესში ბერნჰარდმა ისიც დაადგინა, რომ ყველაზე ხშირად ეს პროგრამა RF SCreater-ის (პროგრამა პასპორტების გენერირებისთვის) გამოყენებით ხდება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატის, ილია კივას განცხადება, რომ „პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთის მოქალაქეობა აქვს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით