მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 10 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო „თაიმერმა“ (timer.ge) გამოაქვეყნა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის კომენტარი ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.

გიორგი კალანდაძე აცხადებს, რომ „ნატოში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული და ეს არის ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება“.

„ნატოს არაერთი სამიტი ჩატარდა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არანაირი რეალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ძალიან რთულ საკითხში წინსვლა ყოფილიყო, საქართველოს არ გადაუდგამს“, – აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.

გადამოწმებული: 1tv.ge

ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC), რომელიც 1997 წელს შეიცვალა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი (EAPC – Euro-Atlantic Partnership Council). აღნიშნულ ფორმატში, რომელშიც პარტნიორი და წევრი ქვეყნები სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს განიხილავენ, საქართველო დღემდე აქტიურად არის ჩართული.

პარტნიორობაზე დაფუძნებული ნატო-საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდა და ინტენსიური გახდა 2012 წლის შემდეგ. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს მთავრობის ყველა მეთაური (პრემიერ-მინისტრი) და ქვეყნის პრეზიდენტი აქტიურად თანამშრომლობდა და მართავდა შეხვედრებს ნატოს-ს ლიდერებთან.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან, ბრიუსელში, შეხვედრები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრებს: ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, მამუკა ბახტაძეს, გიორგი გახარიას. ასევე პრეზიდენტებს – გიორგი მარგველაშვილს და სალომე ზურაბიშვილს.

თავის მხრივ, ნატოს ხელმძღვანელები პირები ბოლო პერიოდში არაერთხელ ეწვივნენ საქართველოს – 2019 წლის მარტში, ნატო-საქართველოს რიგით მეორე სწავლების ფარგლებში, საქართველოში იმყოფებოდა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ნატო-ს სამხედრო კომიტეტი. ხოლო 2019 წლის ოქტომბერში საქართველომ ქ. ბათუმში უმასპინძლა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს.

ასეთი მაღალი დონის შეხვედრებმა საქართველოსთვის არაერთი რეალური, პრაქტიკული შედეგი მოიტანა. კერძოდ:

  • 2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორად (the most interoperable partner) აღიარეს და „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (Enhanced Opportunity Partners, EOP) სტატუსი მიანიჭეს, რაც ნატო-სთან თანამშრომლობის  გაფართოებული შესაძლებლობების მიღებას გულისხმობს. ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, 2014 წლის უელსის სამიტზე ნატო-ს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ინიციატივის (DCB) ფარგლებში საქართველომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia Package, SNGP) მიიღო, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლება და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა.
  • 2015 წლის 1-2 დეკემბერს ქ. ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს განცხადება „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით.  ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა პირველად, საჯაროდ დაადასტურეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში, ნატო-ს წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ხაზი გაუსვეს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების პროცესს.
  • 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში მიღებულ ერთობლივ განცხადებასა და სამიტის კომუნიკეში აღინიშნა, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული მექანიზმი აქვს წევრობისთვის მოსამზადებლად (Georgia’s relationship with the Alliance contains all the practical tools to prepare for eventual membership).
  • 2018 წლის ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა  სახელმწიფო მეთაურების და მთავრობის  დონეზე მოკავშირეთა შეხვედრაში საქართველოსა და უკრაინასთან. ბრიუსელის სამიტზე, სხვა საჯარო დოკუმენტებთან ერთად,  ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაც მიიღეს. ბრიუსელის სამიტის დასკვნით დოკუმენტში საქართველოს მიმართ ალიანსის მიერ გამოხატულია პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და რომ ასპირანტ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ალიანსში გასაწევრიანებლად.
  • 2019 წლის დეკემბრის თვეში ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურების შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება, რაც აძლიერებს ალიანსს და მილიონობით ევროპელის უსაფრთხოების საწინდარია. გარდა ამისა, ნატო-ს ლონდონის სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით NATO 2030 პროცესის დაწყების შესახებ, რომლის მიზანს ალიანსის პოლიტიკური განზომილების გაძლიერება წარმოადგენს.
  • 2020 წლის 2 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს აქტიურ მონაწილეობას შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ  ძალისხმევაში და სხვა.     
  • 2020 წლის 1-2 დეკემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ. ბრიუსელი) ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი (Refreshed SNGP).
  • 2021 წლის ნატო-ს ბრიუსელის სამიტის კომუნიკეში კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და ხაზი გაესვა, რომ ალიანსი ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომ დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევა ამ პროცესში. წევრი ქვეყნები დადებითად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა რეფორმის განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას, ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში.

ნატო საქართველოს თავის პარტნიორად მიიჩნევს, რაც ამ დღეებში კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს თავის პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. ნატოს ლიდერი „ტვიტერში“ ასევე წერს: „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან. ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის – საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვემიჯნებით ევროპაში ნებისმიერ იდეას გავლენის სფეროებთან დაკავშირებით. ნატო მომავალშიც უზრუნველყოფს თავის პარტნიორებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით“.

„გვაქვს პატივი, ნატო-სთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ნატო-ს შტაბ ბინაში შეხვედრის დასრულების შემდეგ სტოლტენბერგმა, რომელიც საქართველოს და უკრაინას „ღირებულ პარტნიორებს“ უწოდებს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადება, რომ „ნატოში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული…“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით