

მოწოდებული ინფორმაცია
დღეს საქართველოში ყველაზე აქტუალური თემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხია. ამ თემაზე უამრავი განსხვავებული, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დაბნეულობას იწვევს.
„ანტიფეიკი“ დაინტერესდა, რას გულისხმობს ეს სტატუსი და რა მოვალეობებს ან შეღავათებს გულისხმობს მისი მიღება. აგრეთვე, რა ფინანსურ ბენეფიტებს იღებენ ის ქვეყნები, რომლებსაც უკვე აქვთ წევრობის კანდიდატის სტატუსი.
გადამოწმებული: 1tv.ge
ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალმხრივი, რუტინული სამუშაოა, რომელიც მომავალ, პოტენციურ წევრს ავალდებულებს, თავისი „პარამეტრები“ 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარი გაერთიანების პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და მრავალი რეფორმა განახორციელოს.
გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, წევრობის კანდიდატობაზე განაცხადის შეტანამდე, როგორც წესი, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას იღებს. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერეს ხელი, რაც ევროკავშირთან ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაახლოებასთან ერთად, წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასაც ითვალისწინებდა.
ახლა დღის წესრიგში უკვე დგას წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების საკითხი. შესაბამის განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 3 მარტს მოაწერა ხელი. თუმცა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაშიც კი, არც ერთ ქვეყანას არა აქვს გარანტია, რომ მომავალში აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ინდივიდუალურია გაწევრიანებისთვის საჭირო ვადებიც.
ტერმინი „ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო“ პირველად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გამოიყენეს. რეალურად, ამ პოზიტიური დატვირთვის მქონე ტერმინით შეიქმნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ახალი ბარიერი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაელახა გაწევრიანების მსურველ ქვეყანას.
მოგვიანებით, დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში, შემოიღეს „პოტენციური კანდიდატობის“ ცნება, რაც კიდევ ერთი დამატებითი ბარიერია გაწევრიანების გზაზე. „პოტენციური კანდიდატი“, რომელსაც აქვს ევროპული პერსპექტივა, ერთვება ევროპული ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ გაწევრიანებამდე ჯერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს.
ევროპულ გაერთიანებას ყველაზე ბოლოს, 2013 წელს, ხორვატია შეუერთდა. დასავლეთ ბალკანეთის სხვა სახელმწიფოებს ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატი ქვეყნების სტატუსი აქვთ.
ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატები არიან: ჩრდილოეთ მაკედონია (2005 წლიდან), მონტენეგრო (2010 წლიდან), სერბეთი (2012 წლიდან) და ალბანეთი (2014 წლიდან), ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო, ჯერჯერობით, მხოლოდ ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყნების სტატუსით შემოიფარგლებიან.
კიდევ უფრო „დიდი ისტორია“ აქვს თურქეთს, რომელმაც 23 წლის წინ მიიღო კანდიდატის სტატუსი…
მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის შესახებ განაცხადს გააკეთებს, ევროპული საბჭო ევროკომისიას მიმართავს, რომ მოამზადოს ანგარიში, რომელშიც დაფიქსირებული იქნება მათი პოზიცია. ევროკომისიამ, კერძოდ, უნდა განაცხადოს, არის თუ არა ქვეყანა მზად მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
ამის შემდეგ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, წევრობის მსურველ ქვეყანასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. საბჭო, როგორც წესი, ხშირად იღებს ევროკომისიის ამ რეკომენდაციას, რის შემდეგაც ქვეყანა ოფიციალურად ხდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
მნიშვნელოვანია, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ გულისხმობს მოლაპარაკებების მყისიერად დაწყებას. ამ ნაწილში ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის აბსოლუტური თანხმობაა საჭირო. წევრობის შესახებ მოლაპარაკებები ვერ დაიწყება მანამ, სანამ ევროკავშირის სახელმწიფოები ვერ შეთანხმდებიან. შესაბამისად, მოლაპარაკებების დაწყება შესაძლოა დიდი ხნით გადავადდეს, თუ რომელიმე ქვეყანა ვეტოს დაადებს.
მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭო მოლაპარაკებებს „მწვანე შუქს აუნთებს“, ევროკომისია იწყებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის კანონმდებლობის დაწვრილებით გამოკვლევას, რათა დაინახოს, რამდენად შეესაბამება ის ევროკავშირის კანონმდებლობას.
კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნებს მოეთხოვებათ საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობაში მოყვანა, ასევე, ინფრასტრუქტურის და მართვის მოდელის გაძლიერება.
ეს პროცესები გათვალისწინებულია ევროკავშირის გაწევრიანებამდელ სტრატეგიაში (Pre-accession strategy). სტრატეგია კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუციებს შორის სტრუქტურირებულ მოლაპარაკებებს მოიცავს და ორივე მხარეს სთავაზობს სამართლებრივი ჩარჩოებით და სხვა საჭირო ინტრუმენტებით უზრუნველყოფას (მასში შედის ფინანსური დახმარების გამოყოფაც).
აღსანიშნავია, რომ ასეთი სამართლებრივი ჩარჩოები და საჭირო ინსტრუმენტები ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ინდივიდუალურად დგინდება და შესაბამისად, სხვა ქვეყნის მაგალითზე მსჯელობა შეუძლებელია.
კონკრეტულად კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის ფინანსური თუ სხვა სახის დახმარების პროგრამას, გაწევრიანებამდელი დახმარების ინსტრუმენტი – IPA (Instrument for Pre-Accession Assistance ) ეწოდება.
IPA წარმოადგენს ევროკავშირის ბერკეტს, ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიოს კანდიდატ ქვეყანას, რათა ის შემდგომში სრულფასოვნად შეხვდეს გაერთიანების წევრობას. ამჟამად ხორციელდება IPAპროგრამის მესამე ნაწილი .
IPA-ის პირველი ნაწილი 2007-2013 წლებში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში, კანდიდატი ქვეყნებისთვის ოფიციალურმა ბრიუსელმა 11.5 მილიარდი ევრო გამოყო.
პროგრამის მეორე ნაწილი 2014-2020 წლებში განხორციელდა და მისმა ბიუჯეტმა 11.7 მილიარდი ევრო შეადგინა. პროგრამით გათვალისწინებული იყო რამდენიმე ძირითადი მიმართულება, საითკენაც უნდა მიმართულიყო ფინანსები. ეს მიმართულებები იყო: საჯარო მმართველობის რეფორმის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარება.
IPA II-ის ფარგლებში,კანდიდატობის ყველაზე დიდი „სტაჟის“ მქონე თურქეთისთვის 4.5 მილიარდი ევრო იყო გამოყოფილი, რომელიც ოფიციალურმა ანკარამ რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაში (დემოკრატია და მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კონკურენცია და ინოვაციების ხელშეწყობა, განათლება და სოციალური პოლიტიკები, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება) დახარჯა.
IPA III-ის პრიორიტეტების სია დიდად არ განსხვავდება წინა პროგრამებისგან, თუმცა მას კოვიდ-19-ის მიერ მიყენებული ეკონომიკური და სხვა სახის ზარალის შედეგების ლიკვიდაცია დაემატა.
უცნობია, მესამე ტრანშედან კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა თითოეული ბენეფიციარი ქვეყნისთვის, მაგრამ, ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2027 წლამდე, ყოველწლიურად, 2 მილიარდ ევრომდე ოდენობის ფულადი სახსრების დახარჯვა იგეგმება.
პროგრამის მესამე ნაწილის ბიუჯეტი 14 მილიარდ ევროს შეადგენს და ის 2021-2027 წლებში უნდა განხორციელდეს.
IPA-ს ამჟამინდელი ბენეფიციარები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.