„ივანიშვილი ღარიბაშვილს ზამთრამდე დააცდის, შემდეგ, უკვე მეორედ რომ გვეტყვიან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარს, პასუხისმგებლობას ააღებინებს“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 10 აგვისტოს, „ალიამ“, თავის ვებ-გვერდზე, გამოაქვეყნა მასალა სათაურით, „როდის და რა მიზეზით აპირებს ივანიშვილი ღარიბაშვილის გადაყენებას?“.

სტატიაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადაყენებას შეეხება, ნათქვამია:„ივანიშვილი ღარიბაშვილს ზამთრამდე დააცდის, შემდეგ, უკვე მეორედ რომ გვეტყვიან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარს, პასუხისმგებლობას ააღებინებს“.

გადამოწმებული: 1tv.ge

ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადად, თავდაპირველად, 2022 წლის დეკემბერი დაასახელა – მიუთითა, რომ ევროკომისია „მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და გააკეთებს მოხსენებას 2022 წლის ბოლოსთვის“.

მოგვიანებით, ვადები შეიცვალა: ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ ევროკომისია 12 პუნქტის შესრულებას არა 2022 წლის დეკემბერში, არამედ 2023 წელს შეაფასებს და ეს დეპოლარიზაციასა და რეფორმებზე „გულდასმით სამუშაოდ“, საქართველოსთვის სათანადო დროის მიცემის საჭიროებით აიხსნა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში, ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ“, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაელ რუპიმ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა.

მართალია, ევროკომისიამ  ბოლო ვადად 2023 წელი დაასახელა, მაგრამ კონკრეტული თვე არ მიუთითებია. ექსპერტების ვარაუდით, საქართველოზე „გაფართოების შესახებ ანგარიში“, სავარაუდოდ, მომზადდება 2023 წლის ოქტომბრისთვის, 2023 წლის დეკემბერში კი გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც გადაწყდება, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ამდენად, „ალიას“ განცხადება, რომ „ივანიშვილი ღარიბაშვილს ზამთრამდე დააცდის, შემდეგ, უკვე მეორედ რომ გვეტყვიან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარს, პასუხისმგებლობას ააღებინებს“, არის აბსურდი, რადგან საკითხის გადავადების გამო, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით 2022 წლის ზამთრისთვის არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით