„უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თავისდა უნებურად გაამჟღავნა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგები“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 24 აგვისტოს, რუსულ მედიაში („yakutsk.ru“, riafan.ru და ა.შ), აგრეთვე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თავისდა უნებურად გაამჟღავნა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგები“.  საქმე ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტს, რომელშიც მითითებულია დაღუპულთა, დაჭრილთა, ტყვედ ჩავარდნილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა 2022 წლის 1 ივლისისთვის.

„კიევმა არაერთხელ დაასახელა ადამიანური დანაკარგების რაოდენობა, მაგრამ ის 10 ათასზე მეტი არასოდეს ყოფილა. ორიოდე დღის წინათ ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთის სპეცოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 9 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. როგორც გაირკვა, ეს მონაცემი განკუთვნილია მხოლოდ უკრაინის მოსახლეობისთვის, უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვს კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ზალუჟნიმ სულ სხვა ციფრები გაუგზავნა, რომლებიც კარდინალურად განსხვავდება მის მიერ ორიოდე დღის წინათ დასახელებულისგან. თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკითხვაზე დანაკარგების შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა დაწერა, რომ მწყობრიდან გამოსულია 130 ათასი კაცი. მოხსენების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ზალუჟნი, 2022 წლის 1 ივლისისთვის დაღუპულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 76 640 სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრილია – 42 704, ტყვედ ჩავარდა – 7244, უგზო-უკვლოდ დაიკარგა  2816“, – წერს  რუსული მედია.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთთან ომში 76 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რუსული მედიასაშუალებები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს „ოფიციალური წერილის“ სკანირებულ ასლს აქვეყნებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო რუსული მედიის ეს ინფორმაცია და დოკუმენტს „რუსული მხარის მიერ შემოგდებული“ უწოდა.

„ფეიკი დაწერეს სრულიად უცოდინარმა ადამიანებმა, რომლებსაც არასოდეს უნახავთ, როგორ გამოიყურება ჩვენი უწყების ნამდვილი დოკუმენტები. გაყალბება ძალიან უხეშია. ასახსნელიც კი არაფერია“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა.

რუსული მედიით გავრცელებული დოკუმენტი „სტოპფეიკმაც“ შეისწავლა და დაასკვნა, რომ გაყალბებას ადასტურებს უხეში შეცდომების არსებობა როგორც თავად ტექსტში, ასევე „საიდუმლო დოკუმენტის“ დიზაინში.

კერძოდ, „დოკუმენტი“ დაბეჭდილია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბლანკზე, ანუ იმ უწყების ბლანკზე, რომლის ხელმძღვანელი ოლექსი რეზნიკოვია. თუმცა, ამ „დოკუმენტს“ ის კი არ აწერს ხელს, არამედ გენერალი ვალერი ზალუჟნი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

კიდევ ერთი შეცდომაა „დოკუმენტში“ უკრაინული სამხედრო ფორმირებების ოფიციალური სახელების უგულვებელყოფა: ნამდვილ დოკუმენტში მხოლოდ „შეიარაღებული ძალები“ კი ​​არ ეწერებოდა, არამედ ამ ორგანოს ოფიციალური სახელი – „უკრაინის შეიარაღებული ძალები“.

ასევე აშკარაა, რომ „დოკუმენტის“ ტექსტი შედგენილია ისეთი „ავტორის“ მიერ, რომელმაც არ იცის უკრაინული ენა და ამიტომ, ტექსტი ავტომატური თარჯიმნის საშუალებით მოამზადა. გაყალბების დაბალ ხარისხზე მიუთითებს „საიდუმლო დოკუმენტში“ არასებული უამრავი უმარტივესი გრამატიკული და პუნქტუაციური შეცდომაც. ტექსტის უხეში ხარვეზები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურის არცოდნა მიუთითებს იმაზე, რომ „დოკუმენტი“ შეადგინა დილეტანტმა, რომელსაც ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურაზე წარმოდგენა არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილ ოფიციალურ დოკუმენტში ასეთი უხეში შეცდომები არ იქნებოდა დაშვებული.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თავისდა უნებურად გაამჟღავნა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგები“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით