მოწოდებული ინფორმაცია
რუსული ტელეგრამ-არხის მტკიცებით, დიდ ბრიტანეთში გაწვრთნილ უკრაინელ ტანკისტებს სახლში დაბრუნება არ სურთ. ამ ინფორმაციის წყაროდ ტელეგრამ-არხი „Шкварка News“ ბრიტანულ გამოცემა „გარდიანს“ ასახელებს.
ამ ამბავს წინ უძღვოდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადება, რომ „უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებიც ქვეყანაში საბრძოლო ტანკ „ჩელენჯერ 2“-ის მართვის შესასწავლად იმყოფებოდნენ, ტრენინგი დაასრულეს და ახლა უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადებიან“. მინისტრის თქმით, ეკიპაჟებმა მომზადების სრული კურსი გაიარეს და ტანკების მართვისთვის მზად არიან.
თუმცა, რუსული ტელეგრამ-არხის მტკიცებით, სასწავლო მისიის კურატორები და ინსტრუქტორები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ უკრაინელი სამხედროების წვრთნებში, ამბობენ, რომ ეს ასე არ არის.
„ბრიტანელმა ინსტრუქტორმა ჯონ ბატლერმა, რომელიც უკრაინელებს ტანკის მომსახურებას ასწავლიდა, თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები ვარჯიშებს უპასუხისმგებლოდ უდგებოდნენ. ბატლერის თქმით, ე.წ. ფინალური საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება სამხედროების მხოლოდ 20-მა პროცენტმა შეძლო“, – წერს ტელეგრამ-არხი „Шкварка News“, „გარდიანზე“ „დაყრდნობით“.
„ინსტრუქტორმა ასევე დასძინა: „ბევრმა გამოთქვა უკრაინაში დაბრუნების სურვილი. რამდენიმემ დეზერტირობა სცადა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი იპოვეს და დააბრუნეს, მაგრამ ამისთვის საჭირო გახდა ბაზის ტერიტორიის უსაფრთხოების გაძლიერება“, – ამ ინფორმაციასაც „Шкварка News“ „გარდიანს“ მიაწერს.
გადამოწმებული: 1tv.ge
„გარდიანის“ სტატიაში, რომელიც 27 მარტს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ უკრაინელი ეკიპაჟები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში „ჩელენჯერ 2“-ის მართვას და ექსპლუატაციას სწავლობდნენ, სახლში დაბრუნდნენ და ისინი უკრაინის არმიის მიერ დაგეგმილ კონტრშეტევაში მიიღებენ მონაწილეობას. გამოცემა ასევე იუწყება, რომ ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონ სტოუნმა, რომელიც წვრთნას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა: „ყველა განცვიფრებული დარჩა უკრაინელი სამხედროების კომპეტენციის დონით“.
ინსტრუქტორი ჯონ ბატლერი კი, რომელიც, თითქოს, უკრაინელ სამხედროებს წვრთნიდა და ამტკიცებდა, რომ მხოლოდ 20-მა პროცენტმა შეძლო დასკვნითი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება, „გარდიანის“ სტატიაში საერთოდ არ არის მოხსენიებული.
„გარდიანი“ ამავე სტატიაში არც უკრაინელი სამხედროების სამშობლოში დაბრუნების სურვილის არქონა ან დეზერტირობის მცდელობებია ნახსენები.
გარდა ამისა, „VoxCheck“-მა „გარდიანის“ ვებ-არქივში შენახული სტატიის პირველადი ვერსიაც გადაამოწმა და დაადგინა, რომ ჯონ ბატლერის კომენტარები არც იქ იყო. მეტიც: ქსელში საერთოდ არ იძებნება ინფორმაცია ეგრეთ წოდებული „ბრიტანელი ინსტრუქტორის“, ჯონ ბატლერის შესახებ, ისევე როგორც მასთან ინტერვიუ უკრაინელი სამხედროების შესახებ.
შესაბამიად, რუსული ტელეგრამ-არხის, „Шкварка News“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „დიდ ბრიტანეთში გაწვრთნილ უკრაინელ ტანკისტებს სახლში დაბრუნება არ სურთ“, არის სიყალბე.