მოწოდებული ინფორმაცია
რუსული მედია („Первый русский“, „Московский Комсомолец“, „Газету.Ru“, „РИА Новости“ და სხვა) ავრცელებს გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიას განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინის ხელისუფლება „ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის“. რუსი დიპლომატის მტკიცებით, უკრაინა „სტაცებს ბავშვებს“ იმ მშობლებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან ევაკუაციაზე უარს ამბობენ.
„გავრცელებული პრაქტიკაა ბავშვების წართმევა იმ მშობლებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ საომარი მოქმედებების მიმდებარე ზონიდან ევაკუაციაზე. ეს მშობლები არიან რუსი ჯარისკაცების მოსვლის მოლოდინში, რომლებსაც ისინი განმათავისუფლებლად აღიქვამენ“, – ციტირებს ვასილი ნებენზიას ნათქვამს რუსული მედია.

გადამოწმებული: 1tv.ge
2023 წლის 4 აპრილს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა და მხარი დაუჭირა დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინიციატივას რეგიონის 21 დასახლებული პუნქტიდან 126 ბავშვის სავალდებულო ევაკუაციის შესახებ. ასეთი გადაწყვეტილება დონეცკის ოლქში აქტიური საომარი მოქმედებების მიმდინარეობისა და რუსი აგრესორის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მუდმივი დაბომბვის გამო იქნა მიღებული.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დონეცკის ოლქის საშიში ზონებიდან ბავშვების ევაკუაცია დასაშვებია მხოლოდ მშობლების ან მეურვეების თანხლებით – ამდენად, „ოჯახებიდან ბავშვების გატაცებაზე“ საუბარიც კი ზედმეტია. მშობლების ან მეურვეების თანხლებით, ბავსვები გადაჰყავთ ჯავშანტექნიკით, ევაკუირებული ოჯახები უზრუნველყოფილნი არიან უფასო საცხოვრებლით უკრაინის უფრო უსაფრთხო რეგიონებში, ასევე სოციალური გარანტიებით, ჰუმანიტარული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით.
„ბავშვების გატაცების“ შესახებ განცხადება რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნებენზიამ 5 აპრილს, გაერო-ში ე.წ „არიას ფორმულაზე“ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ასეთი ფორმატის არაფორმალური შეხვედრები გაერო-ში ხშირად იმართება და ისინი ორგანიზაციის წევრებს საშუალებას აძლევს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საერთაშორისო უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხზე.
თუმცა, 5 აპრილს რუსეთმა გადაწყვიტა მოეწვია საკუთარი კონფერენცია, რომელიც კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს მიეძღვნა. ამ გზით, რუსეთის ხელმძღვანელობა, გაერო-ს მეშვეობით, კიდევ ერთხელ შეეცადა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია გაემართლებინა და „მშვიდობისმყოფელად“ წარმოჩენილიყო.
„რუსული აღმაშფოთებელი ღონისძიების“ საპასუხოდ, გაერო-ს წევრმა 49 ქვეყანამ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც რუსეთი „ათასობით უკრაინელი ბავშვის მასობრივ გატაცებისა და მათი უკანონო ძალადობრივი დეპორტაციის შესახებ დეზინფორმაციის“ გავრცელებაში დაადანაშაულა. მიმართვაში ხაზგასმულია, რომ „რუსეთის მიერ გავრცელებული ვერანაირი დეზინფორმაცია სიმართლეს ვერ გააქარწყლებს და ვერც ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობისგან დაიცავს“.
გაერო-ს წევრი ქვეყნების მიმართვაში მოყვანილია არაერთი ფაქტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ომის ზონიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში სწორედ რუსეთია დამნაშავე. მიმართვის 49 ხელმომწერმა ქვეყნებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გასცა ორდერი პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ. თავის მხრივ კი, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლითაც უდავოდ დასტურდება, რომ პუტინი და ლვოვა-ბელოვა პასუხისმგებელნი არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან…
ამდენად, გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიას განცხადება, რომ „უკრაინა ფრონტის ხაზთან მცხოვრები ოჯახებიდან ბავშვებს იტაცებს“, არის სიყალბე.