

„უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოლდოვას დაარტყა... ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების პროვოკაცია“
მოწოდებული ინფორმაცია
31 ოქტომბერს, ჩრდილოეთ მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ ნესლავცეში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს რაკეტის ნამსხვრევები დაეცა. მომხდართან დაკავშირებით, რუსული მედია აცხადებს, რომ მოსკოვი ამ ინციდენტთან არანაირ კავშირში არ არის და დამნაშავე უკრაინის შეიარაღებული ძალები, კერძოდ კი უკრაინის საჰაერო თავდაცვაა.
„შესაძლებელია სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ რუსულ რაკეტას იქ ნამდვილად არაფერი ესაქმება. შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინული „ტოჩკა-უ“, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ვუშვებ იმასაც, რომ უკრაინულის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ არასწორი გზით იფრინა და მოლდოვაში ჩამოვარდა… ეს ძალიან ჰგავს პროვოკაციას, რადგან თუ უკრაინის რუკას დააკვირდებით, ცხადი ხდება, რომ იქ, მოლდოვას საზღვართან, რუსული რაკეტების სამიზნეები არ არის განლაგებული“, – აცხადებს „რია ნოვოსტი“, რუს სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით.
„ჩამოგდებული რაკეტა, სავარაუდოდ, უკრაინამ გაუშვა, რათა აღეკვეთა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი „გერანის“ თავდასხმა დნესტრის ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მოლდოვას საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს“, – აღნიშნულია ინტერნეტ-გამოცემა „პოლიტნავიგატორის“ სტატიაში, რომლის სათაურია „უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოლდოვას დაარტყა“.
გადამოწმებული: 1tv.ge
„რია ნოვოსტის“ მტკიცებას, რომ „უკრაინა-მოლდოვას საზღვართან, რუსული რაკეტების სამიზნეები არ არის განლაგებული“, თავად რუსული სხვა გამოცემა აბათილებს, როდესაც აცხადებს, რომ დაგეგმილი იყო რუსული უპილოტო საფრენი აპარატი „გერანის“ „თავდასხმა დნესტრის ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მოლდოვას საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს“.
ამასთან, მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვართან ჩამოვარდა რუსული რაკეტა არა „უპილოტო საფრენი აპარატი“, ან რაიმე სახის „უკრაინული ჭურვი“. მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტრო იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს, ჩამოაგდეს რუსული რაკეტა, მაგრამ მისმა ფრაგმენტებმა მოლდოვას სოფელ ნესლავცეში რამდენიმე სახლი დააზიანა.
მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ისინი იძიებდნენ ინციდენტს და უკრაინამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მოლდოვის ხელისუფლებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული რუსული რაკეტის ზუსტი მონაცემების დადგენაში.
რუსული რაკეტის ინციდენტზე მოლდოვის მთავრობამ უკვე მოახდინა შესაბამისი რეაგირება. დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ რუსეთის წარმომადგენელი კიშინიოვში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა – რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას, რომელმაც მოლდოვაც დააზარალა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელიც გამოეხმაურა. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის თქმით, „რუსული სარაკეტო თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც მოლდოვაში რაკეტების ფრაგმენტები დაეცა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კიდევ ერთი დარღვევაა“.
აღსანიშნავია ისიც, რომ 31 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსული რაკეტა მოლდოვას საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა. სამმა რუსულმა რაკეტამ, 10 ოქტომბერს, უკრაინის ქალაქებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმის დროსაც დაარღვია უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნის საჰაერო სივრცე. მაშინ მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ რუსეთის ელჩს ნოტა გადასცა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კატეგორიულად გმობს რუსეთის აგრესიას, პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ კი აღნიშნა, რომ „რუსეთის მიერ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტების გაშვება მოლდოვას სუვერენიტეტის დარღვევაა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას“.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია („უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოლდოვას დაარტყა… ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების პროვოკაცია“) წარმოადგენს სიყალბეს.