

„რუსეთი შეგნებულად ანელებს შეტევის ტემპს უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“
მოწოდებული ინფორმაცია
რუსულმა მედიამ გაავრცელა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთი „განზრახ ანელებს ომის ტემპს“ უკრაინის წინააღმდეგ, რათა მოხდეს „მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმალიზება“.
„სპეციალური ოპერაციის დროს ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. დარტყმები ხორციელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე – სამეთაურო პუნქტებზე, აეროდრომებზე, საწყობებზე, გამაგრებულ ტერიტორიებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე. ამავდროულად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიან მოქალაქეებში არ იყოს მსხვერპლი. ეს, რა თქმა უნდა, ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ“, – აცხადებს სერგეი შოიგუ.
გადამოწმებული: 1tv.ge
დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისშივე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ რამდენიმე გაუაზრებელი ოპერაცია ჩაატარა, რის გამოც „სამ დღეში კიევის დაკავების“ გეგმამ სრული კრახი განიცადა, ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ კი მოსკოვი თავისივე ავანტურაში საბოლოოდ „გაიხლართა“.
ივნისის შუა რიცხვებში ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა ენტონი რადაკინმა განაცხადა, რომ რუსეთმა „სტრატეგიულად წააგო ომი უკრაინასთან“. მისივე თქმით, კრემლს დიდი დანაკარგები აქვს და ეწურება სამხედრო რესურსი და რაკეტები. ბრიტანელმა სამხედრო მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრით, „საშინელი შეცდომა“ დაუშვა და კრემლი „ვერასოდეს დაამყარებს კონტროლს უკრაინაზე“.
თავის მხრივ, ბრიტანეთის სადაზვერვო უწყება დაასკვნის, რომ „რუსეთის შეტევა მისი დაბალი სამხედრო ეფექტურობისა და უკრაინის სასტიკი წინააღმდეგობის გამო შეჩერდა“.
ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის ივლის-აგვისტოში რუსეთმა უკვე მიაღწია თავისი შესაძლებლობების ზღვარს, მსხვილმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ჩატარების თვალსაზრისით. ნატო-ს ექსპერტების შეფასებით, რუსეთი „როგორც ჩანს, არ არის იმ მდგომარეობაში, რომ უკრაინულ ძალებზე გაიმარჯვოს“. ნატო დარწმუნებულია, რომ კრემლი ომის წარმოების შეფასებებში შეცდა, რის შედეგად, რუსეთის სახმელეთო ძალებმა, საჰაერო-სადესანტო დანაყოფებმა, საზღვაო ქვეითებმა, სპეცოპერაციების ძალებმა და საჰაერო მხარდაჭერის ჯგუფებმა განიცადეს მძიმე დანაკარგები, როგორც პირადი შემადგენლობის, ისე სამხედრო ტექნიკის მხრივ.
პენტაგონის ბოლო მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ექვს თვეში, რუსეთმა 80 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გააზრებული ქმედებების გამო, კრემლმა 6 თვეში ბევრად მეტი მებრძოლი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა ჯარებმა ავღანეთის ომის ათწლეულში. გარდა ამისა, უკრაინელებმა კოლოსალური რაოდენობის რუსული ტექნიკა გაანადგურეს: 1900-ზე მეტი ტანკი (რაც ომამდელი რესურსის 65-70%-ს უტოლდება), 4200-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 234 თვითმფრინავი და ასობით სხვა იარაღი.
მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ტერორი ასევე კრემლის სტრატეგიის ნაწილია. რუსეთის შეჭრამ გამაოგნებელი ზარალი მიაყენა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იტყობინება, 22 აგვისტოს მდგომარეობით, რუსებმა 5587 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის – 362 ბავშვი. გარდა ამისა, დაიჭრა 7890 უკრაინელი. უკრაინელების უმეტესობა დაიღუპა განადგურების დიდი რადიუსის მქონე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით, კერძოდ, მძიმე არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბვით, ასევე სარაკეტო და ავია-დარტყმებით.
გაერო-მ აღიარა, რომ ეს ციფრებიც კი ძალიან შემცირებულია და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რეალური სურათი მხოლოდ უკრაინის რეგიონების დეოკუპაციის შემდეგ გაირკვევა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადება, რომ „რუსეთი შეგნებულად ანელებს შეტევის ტემპს უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“, არის სიყალბე.