„მაინტერესებს, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი...“

მოწოდებული ინფორმაცია

2023 წლის 25 იანვარს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა წევრმა, ადამ კინზინგერმა „ტვიტერში“ გააზიარა ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაცია, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის დაბარებაზეა საუბარი.

კინზინგერმა ტვიტს დაურთო შემდეგი კომენტარი: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთის ქმედებები? ჰეი, „ქართული ოცნება“, ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს“.

გადამოწმებული: 1tv.ge

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, თბილისში რუსეთის საელჩომ არსებობა შეწყვიტა და რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო მოსკოვში დაბრუნდა.

მას შემდეგ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ჟენევის დისკუსიის ფარგლებში აბაშიძე-კარასინის პრაღაში შეხვედრებით შემოიფარგლება.

გარდა ამისა, 2008 აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთო-ს, ევროკავშირის და გაერო-ს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.

ჟენევის მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

რაიმე სხვა ფორმით, მათ შორის, საელჩოების სახით, ოფიციალური თბილისი და მოსკოვი ერთმანეთთან არ თანამშრომლობენ. მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის საელჩომ ფუნქციონირება შეწყვიტა, 2009 წლის 5 მარტიდან რუსეთის ინტერესებს საქართველოში იცავს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია.

იქიდან გამომდინარე, რომ 2008 წლის 29 აგვისტოდან დღემდე, რუსეთის ფედერაციას საქართველოში არ ჰყავს თავისი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრის, ადამ კინზინგერის ზემოთ აღნიშნული განცხადება (“მაინტერესებს, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი…“) არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით