მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 5 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, თავის ვებ-გვერდზე, გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს მიხედვით, 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო“.
„მეცხრეკლასელებისთვის განკუთვნილ ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, სადაც გარდა იმისა, რომ ოლიგარქი ივანიშვილის სამადლობელ ტექსტებს ვაწყდებით, ნათქვამია, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. „დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ძალების შეყვანით უპასუხა?“ – ეს კითხვა სწორედ ისტორიის სახელმძღვანელოდანაა მოყვანილი“, – წერს „მთავარი არხი“.
გადამოწმებული: 1tv.ge
ისტორიის მე-9 კლასის ახალ სასკოლო სახელმძღვანელოში („დიოგენეს გამოცემა“, ავტორები: ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნათია ფირცხალავა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება ასეა გადმოცემული:
სახელმძღვანელოში ნათქვამია არა ის, რომ „2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო“, არამედ აღნიშნულია შემდეგი: „2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა“.
ანუ: ხაზგასმულია, რომ „პირდაპირი სამხედრო აგრესია“ (ანუ, ომი) რუსეთის ფედერაციამ დაიწყო და არა საქართველომ.
გაცილებით მძიმე შეფასებას შეიცავს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებათა დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის (ე.წ „ტალიავიანის კომისია“) დასკვნა, რომლის თანახმად, ომის გაჩაღებაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საქართველოს, ისე რუსეთს.
ერთი მხრივ, ტალიავინის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის დაბომბვით“. მეორე მხრივ, იქვე აღნიშნულია, რომ ომის დაწყების საკითხზე მსჯელობისას „ფოკუსირება მხოლოდ 7-8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის წინააღმდეგ საარტილერიო შეტევაზე არ უნდა მოხდეს“ და რომ ასევე გასათვალისწინებელია ომამდე წლების წინ არსებული პერიოდი – ის მზარდი დაძაბულობა, რაც წინ უძღოდა შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებას.
აღსანიშნავია, რომ „ტალიავინის დასკვნის“ მიმართ ნდობა არაერთხელ გამოუხატავთ საქართველოს როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ამდენად, ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება წარმოდგენილია გაცილებით „რბილ“ კონტექსტში, ვიდრე ე.წ „ტალიავინის დასკვნაში“ – ამ უკანასკნელ დოკუმენტში უფრო მკაცრად არის შეფასებული ქართული მხარის ქმედებები (მაგ: „ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის დაბომბვით“), ვიდრე სასკოლო სახელმძღვანელოში ( იგივე ეპიზოდის აღწერისას, საუბარია მხოლოდ „ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანებაზე“).
შესაბამისად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია („ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს მიხედვით, 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო“) არის სიყალბე.