მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 23 ივლისს, „მთავარი არხის“ 9-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, გავიდა სიუჟეტი ნაძალადევის რაიონში ჩადენილ დანაშაულზე. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მაყურებელს აუწყა: „საზარელი დანაშაული, რომელზეც ხალხი საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი უარყოფს. ნაძალადევში ე.წ „სუბოს ბაღთან“ მცხოვრები მოქალაქეები „მთავარ არხს“ უყვებიან, რომ წუხელ ბაღში სამმა ახალგაზრდამ ქალი გააუპატიურა. წუხელ ამ ბაღთან ნამდვილად იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მობილიზებულები, იყო სროლის ხმაც, თუმცა ძალოვანი უწყება გაუპატიურების ფაქტს არ ადასტურებს.“

სიუჟეტის ავტორმა ადგილიდან  ჩართვისას თქვა, რომ „ოთხი პირი ახალგაზრდა ქალბატონს თავს დაესხა, ის გააუპატიურეს და თანხაც წაართვეს.“

ამ ამბის თაობაზე სიუჟეტში ოთხი მოქალაქე საუბრობს. ჟურნალისტის კითხვაზე, რა იციან მომხდარის შესახებ, ადგილობრივები პასუხობენ: პირველი მოქალაქე: „არაფერი  ვიცი“, მეორე: „სრული ვერსია არავის ეცოდინება, ღამის სამ საათზე მოხდა, ფული წაურთმევიათ და, თან, გაუუპატიურებიათ, არ ვიცი“, მესამე: „სროლის ხმა იყო, რა იყო და როგორ იყო არ ვიცი, უბრალოდ, სროლის და პოლიციელების საყვირის ხმა გავიგე“, მეოთხე: „რაღაც ჭორის დონეზე გავიგე, ვიღაცამ მითხრა, ხომ არ იცი რა მოხდა, მეც ასე გავიგეო, წუხელ ღამის პირველისთვის თუ ორისთვის, ვიღაც გაუუპატიურებიათო“;

ჟურნალისტმა სიუჟეტის დასასრულისას აღნიშნა: „ნახალოვკაში“ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა ისინი ღიად მაინც ვერ საუბრობენ. შეიძლება ითქვას, რომ „ნახალოვკაში“ მუშაობს კონკრეტული ჯგუფი, რომლის გამოც მოსახლეობა დაშინებულია“.

აღნიშნული ამბავი, „მთავარ არხზე“ დაყრდნობით გაავრცელეს ვებგვერდებმა: „resonancedaily.com“ -მა სათაურით: „ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს და ფული წაართვეს – ძალადობა თბილისში“  და „pianews.site“-მა: „შემზარავი დანაშაული „სუბოს ბაღში“ – ახალგაზრდა ქალი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ფული წაართვეს“. ამ ამბის თაობაზე საუბრობდნენ „ფორუმზეც“.

25 ივლისს „მთავარი არხი“ კვლავ მიუბრუნდა „ნაძალადევში“ მომხდარ ამბავს, 3-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში აღინიშნა, რომ „სუბოს ბაღში“ დაკავებულ სამ პირს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

„ადვოკატების განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაკავებულების სექსუალურის ხასიათის დანაშაულს დაამტკიცებს. უფლებამდაცველები ამბობენ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

საქმეზე სულ სამი პირია დაკავებული. მათგან ერთი არასრულწლოვანია. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

„სუბოს ბაღში“ მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია „მთავრმა არხმა 23 ივლისს გაავრცელა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ გვიან ღამით, ახალგაზრდა ქალს ოთხი პირი დაესხა თავს და ის ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ფული წაართვეს.

გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია უარყო შსს-მ. უწყებამ გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო“.

გადამოწმებული: 1tv.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 23 ივლისს, გამთენიისას, ცოტნე დადიანის N143-ის მიმდებარედ, თავს დაესხნენ არასრულწლოვან ბიჭს (და არა ქალს).

შემთხვევას შეესწრო საპატრულო პოლიცია, რომელმაც, გაფრთხილების მიზნით, ჰაერში ისროლა. საპატრულო პოლიციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, დამნაშავეების დასაკავებლად ადგილზე დამატებით მივიდა საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ხუთამდე ეკიპაჟი. დააკავეს სამი პირი. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. საქმე აღძრულია 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვას (გაუპატიურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია).

დაკავებულ სამ პირს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. დაკავებულებს სასამართლომ წინა სასამართლოს სხდომის გამართვამდე ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. წინა სასამართლო სხდომა 26 აგვისტოს, 13 საათზე გაიმართება.

ამდენად, „მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც resonancedaily.com“-მ და „pianews.site“-მა გადაბეჭდეს, არ შეეფერება სინამდვილეს და არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით