მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 23 იანვარს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, გავიდა სიუჟეტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ.
სიუჟეტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი 2020 წლიდან ახალ შენობაში უნდა გადასულიყო, მაგრამ ახალი შენობის ადგილას ჯერ მხოლოდ ნანგრევებია. ასევე ნათქვამია, რომ 2019 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 93 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ ბანკებიდან აღებული 120-მილიონიანი სესხი „ეფექტურად აითვისა“.
„გამოცხადებული ტენდერებითა და კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული პირობებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი ოფისის ასაშენებელი 47-მილიონიანი ტენდერი კომპანია „დაგიმ“ მოიგო, რომელიც არაერთხელ არის მხილებული „ქართულ ოცნებასთან“ კავშირებში“, – აცხადებს „მთავარი არხი“.
სიუჟეტის ავტორი ასევე აცხადებს, რომ ახალ მისამართზე გადასვლის დაანონსების მიუხედავად, არსებული ძველი შენობის რემონტზე ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა და ჯერ აუშენებელი ოფისისთვის 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა შეიძინეს.
გადამოწმებული: 1tv.ge
„ანტიფეიკმა“ გადაამოწმა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე.
1.მას შემდეგ რაც, სახელმწიფომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის ასაშენებლად მიწა გამოყო, მომზადდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, პარალელურად მომზადდა ახალი შენობის პროექტი, სხვადასხვა უწყებებმა გასცეს შესაბამისი ნებართვები და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდა, რის შემდეგაც დაიწყო მშენებლობა. ამჟამად, ტელევიზიის ახალი შენობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა და ამის გადამოწმება ყველას შეუძლია.
2.„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საბიუჯეტო დაფინანსება, რის შესახებ ინფორმაციის მოძიება ღია წყაროებით არის შესაძლებელი (მაუწყებლის ვებ-გვერდი, ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდი, კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდი), წლების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება:
ამდენად, 2019 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსება გაიზარდა არა 93%-ით, როგორც ამას „მთავარი არხი“ ამტკიცებს, არამედ 10.8%-ით.
3. სიმართლეს არ შეეფერება სიუჟეტში გაკეთებული განცხადება, რომ „ვასილ მაღლაფერიძემ 120-მილიონიანი სესხი აითვისა“. სინამდვილეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის საკრედიტო ლიმიტი 45 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის პერიოდში, ათვისებულია 6.2 მილიონამდე ლარი.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ტენდერებთან დაკავშირებით გამართულ არც ერთ დავაში არ დადასტურებულა მაუწყებლის მხრიდან რომელიმე კომპანიაზე პირობების მორგების ფაქტი.
4.სიუჟეტში, „კომპანიებზე მორგებული სატენდერო პირობების“ კონტექსტში მოყვანილია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის მშენებლობის ტენდერში კომპანია „დაგის“ გამარჯვების ფაქტი. აღნიშნული ტენდერი, კანონით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის ნაცვლად, გამოცხადდა 50 დღით, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ კომპანიას მოესწრო მომზადება ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ამის შემდეგ, გამოცხადდა ე.წ. NAT ტენდერი (რომელიც, შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციით, კორუფციული რისკისგან ყველაზე დაზღვეულ ფორმად ითვლება), რომლის დასრულებამდე შემსყიდველი ვერც ხედავს ტენდერის მონაწილეებს… შედეგად, ტენდერში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ და გაიმარჯვა „დაგიმ“, რომელმაც მშენებლობისთვის ყველაზე დაბალი ფასი მოითხოვა.
5. 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არსებული ძველი შენობის სარემონტო სამუშაოებზე დახარჯულია სულ 300 ათასი ლარი (და არა, „ათეულობით მილიონი ლარი“, როგორც „მთავარი არხის“ სიუჟეტში განაცხადეს), რაც მოხმარდა ახალ შენობაში გადასვლამდე არსებულ შენობაში მინიმალურად აუცილებელი პირობების შექმნას – სახურავის შეკეთებას, რატა შენობაში წყალი არ ჩამოსულიყო, კაბელარხების რემონტს, გარემონტდა სასერვერო ოთახები.
6. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, მშენებარე ახალი ოფისისთვის, შესყიდული აქვს 23 მილიონი ლარის (და არა „50 მილიოზე მეტი“, როგორც „მთავარი არხი“ ამტკიცებს) ღირებულების ტექნიკა, რომელიც არსებულ შენობაში დამონტაჟდა და ახალი ოფისის მშენებლობის შემდეგ, ახალ შენობაში გადავა.
7. ასევე არ შეესაბამება სიმართლეს სიუჟეტში გასული ბრალდება ახლად შეძენილი ტექნიკის უვარგისობის შესახებ, ვინაიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ შესყიდულია უმაღლესი ხარისხის, ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული ტექნიკა. ის დამონტაჟებულია მაუწყებლის მოქმედ ოფისში და შემდეგ გადავა ახალ შენობაში.
„ანტიფეიკმა“ გამოარკვია, რომ „მთავარ არხს“ სიუჟეტის მომზადებისას, არ მიუმართავს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იურისტის ან სხვა სათანადო სამსახურისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაღებად ან საჭირო დოკუმენტაციის გასაცნობად.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 23 იანვარს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ გასული სიუჟეტი არის სიყალბე.