მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „კორონავირუსით თბილისში 17 წლის გოგო გარდაიცვალა“.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ თბილისში 17 წლის გოგონა კორონავირუსით გარდაიცვალა. ოჯახმა მისი კლინიკამდე მიყვანა ვერ მოახერხა. გარდაცვლილი გოგონა მეთორმეტე კლასში იყო“, – აცხადებს „მთავარი არხი“.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის 4 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე“.
„3 დეკემბერს, 03:24 სთ-ზე „112“-ში განხორციელდა ზარი, უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოძახების ადგილზე 13 წუთში, 03:37 სთ-ზე მივიდა, რა დროსაც ექიმებს ახალგაზრდა გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. მედიკოსების შეფასებით, გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
17 წლის გარდაცვლილ გოგოსთან დაკავშირებით განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც გააკეთა, რომლის თქმითაც, მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელება პანიკის დათესვას ემსახურება.
„სასწრაფოს რეაგირება იყო მყისიერი და საუბედუროდ, ლეტალური შემთხვევა უკვე იყო დამდგარი…17 წლის გოგოს გარდაცვალება არ უკავშირდება კორონავირუსს…„ამ ტიპის დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, რაც დამაზარალებელი და დანაშაულის ტოლფასია“, – აცხადებს თამარ გაბუნია.
შესაბამისად, 2020 წლის 3 დეკემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „კორონავირუსით თბილისში 17 წლის გოგო გარდაიცვალა“, არის სიყალბე.