მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 11 მარტს, საინფორმაციო სააგენტო „პია“-მ გაავრცელა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის, იოანე (გამრეკელის) კომენტარი.  მიტროპოლიტის თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რელიგიური თვალსაზრისით, მიუღებელია. ამის მიზეზად იოანე გამრეკელმა მედიკამენტის დამზადების ტექნოლოგია დაასახელა.

„არის სხვადასხვა ვაქცინები, სხვადასხვა ბაზაზე შესრულებული. აღმოჩნდა, სამწუხაროდ, რომ ერთ-ერთი ვაქცინა არის აბორტის მსხვერპლისგან დამზადებული, უმანკო ჩანასახისგან აღებული ნაწილი შედის იქ. ეს ჩემთვის მიუღებელია, კანიბალიზმის დონემდე მიდის უდანაშაულოს, უმანკოს, ძალადობით მოკლულის მიერ ჯანმრთელობას მივხედოთ. ეს განხილული იყო წმინდა სინოდზეც. საუბარია Astrazeneca-ზე და ჩემთვის მიუღებელია, თუნდაც მხოლოდ ამიტომ“, – ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე (გამრეკელმა) ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

 

გადამოწმებული: 1tv.ge

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმის, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ემბრიონალურ უჯრედებს მხოლოდ ეფექტიანობის განსაზღვრისთვის იყენებენ, მაგრამ საბოლოო ეტაპზე ფლაკონები ემბრიონალური უჯრედებს არ შეიცავენ.

„ზოგადად, 1961-იანი წლებიდან, ემბრიონალური უჯრედები აქტიურად გამოიყენება კვლევის პროცესში. ეს არის ძირითადად ჰოლანდიასა და ბრიტანეთში ჩატარებული აბორტის შედეგად შენახული მასალები, რომლებსაც ემბრიონალურ უჯრედთა ხაზებს უწოდებენ და მსოფლიო მეცნიერული ტექნოლოგია წარმატებით იყენებს, მათ შორის, კიბოს საწინააღმეგო წამლების დამზადების პროცესში. ეს არის სამეცნიერო მიღწევების შედეგი, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს, – ბრიტანულმა „ასტრაზენეკამ“, ამერიკულმა „ჯონსონ და ჯონსონმა“ და გამალეის ინსტიტუტის რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”-მა ნახევარი საუკუნის წინ გამრავლებული ემბრიონალური უჯრედები გამოიყენეს  ვაქცინის კომპონენტის შესაქმნელად, ანუ ადენოვირუსების გამოსაზრდელად. ამერიკულ-გერმანულმა „პფაიზერმა“ და „ბიონტექმა“  გამოიყენეს  კვლევის პროცესებში, რომ დაემტკიცებინათ, რამდენად კარგად მუშაობს ვაქცინა. საბოლოოდ, ყველა პროდუქტი განიცდის პურიფიცირებას, ანუ ხაზგასმით გეუბნებით, რომ უკვე დამზადებული არც ერთი ვაქცინის შემადგენლობაში ემბრიონალური უჯრედები არ შედის”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.   

შესაბამისად, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის, იოანე (გამრეკელის) მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ერთ-ერთი ვაქცინა არის აბორტის მსხვერპლისგან დამზადებული“, არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით