

„ვაქცინა „ასტრაზენეკა“ ევროპაში აკრძალეს და ნარჩენები ვინმეს რომ შეტენონ, სახელი შეუცვალეს!“
მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 31 მარტს, საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმმა“ გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „ვაქცინა „ასტრაზენეკა“ ევროპაში აკრძალეს და ნარჩენები ვინმეს რომ შეტენონ, სახელი „ვაქსზევრია“-ზე შეუცვალეს!“
„ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ახალი სახელი აქვს… ვაქცინის ახალი სახელწოდებაა „ვაქსზევრია“. შვედეთის მედიკამენტების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სახელწოდების ცვლილება, შეფუთვის შესაძლო ცვლილების გარდა, სხვას არაფერს შეეხება“, – ნათქვამია „საქინფორმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადამოწმებული: 1tv.ge
ინფორმაციის სათაური შეუსაბამობაშია თავად ინფორმაციის შინაარსთან – იმის შესახებ, რომ „ვაქცინა „ასტრაზენეკა“ ევროპაში აკრძალეს და ნარჩენები ვინმეს რომ შეტენონ, სახელი შეუცვალეს“, ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი.
რაც შეეხება „ევროპაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის აკრძალვას, „ევროპის მედიცინის სააგენტომ“ (EMA), კოვიდ-19-ის აცრის შემდეგ მომხდარი სავარაუდო გართულებების დაწვრილებით შესწავლის შემდეგ, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ ერთობლივი ვაქცინა უსაფრთხოდ გამოაცხადა.
„ეს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია კოვიდ-19-ის პრევენციის საქმეში და მისი სარგებელი რისკებს კვლავ ბევრად აღემატება… თრომბოემბოლიის შემთხვევები კი [აცრილებში] უფრო დაბალია, ვიდრე ზოგადად მოსახლეობაში. ჩვენი დასკვნით, ვაქცინაცია თრომბების მზარდ რისკს არ შეიცავს“, – განაცხადა კვლევების დასრულების შემდეგ ევროკავშირის მედიკამენტების უსაფრთხოების და რისკების შეფასების კომიტეტის თავმჯდომარემ საბინ შტრაუსმა.
ამჟამად, „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 50-მდე ქვეყანაში მიმდინარეობს. მცირე ხნით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა დროებით მისი გამოყენება, მათ შორის, გერმანიამ. თუმცა, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა ამ გადაწყვეტილებას „წმინდა წყლის სიფრთხილის ზომა“ უწოდა.
შესაბამისად, საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სათაური („ვაქცინა „ასტრაზენეკა“ ევროპაში აკრძალეს და ნარჩენები ვინმეს რომ შეტენონ, სახელი „ვაქსზევრია“-ზე შეუცვალეს!“) არის სიყალბე.