„8 იანვარს, კრამატორსკზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 8 იანვარს, ღამით, კრამატორსკზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

„დარტყმები განხორციელდა კრამატორსკში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების დროებითი განლაგების პუნქტებზე. №28 საერთო საცხოვრებელში 700-ზე მეტი სამხედრო იყო განთავსებული, N°47 საერთო საცხოვრებელში – 600-ზე მეტი. დროებითი განლაგების ამ პუნქტებზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, განადგურდა 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე“, – აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.

კრამატორსკზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში „ოპერაცია შურისძიება“ უწოდეს და მას 1 იანვარს, მაკეევკაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული იერიშის საპასუხო ზომად მიიჩნევენ, რომელსაც 400-მდე რუსი სამხედრო ემსხვერპლა.

გადამოწმებული: 1tv.ge

იმის შესახებ, რომ კრამატორსკში, 8 იანვარს განხორციელებული რუსული სარაკეტო დარტყმების ადგილზე, დიდი რაოდენობით ადამიანების დაღუპვის არანაირი კვალი არ შეიმჩნევა, ერთხმად ადასტურებენ რეგიონში მომუშავე სხვადასხვა უცხოური გამოცემის ჟურნალისტები.

„CNN-ის ჯგუფმა დარტყმის ქვეშ მოხვედრილ რაიონში ვერ ნახა მნიშვნელოვანი ადამიანური მსხვერპლი. თავად კრამატორსკსა და მის შემოგარენში, მათ შორის ქალაქის მორგის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაიმე განსაკუთრებული და უჩვეულო აქტიურობა არ შეინიშნება“, – აცხადებენ ამერიკული ტელეკომპანიის ჟურნალისტები.

ორი საერთო საცხოვრებელი, რომელშიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელი სამხედროები დროებით იმყოფებოდნენ, Reuters-ის კორესპონდენტებმაც მოინახულეს. „არც ერთი შენობა პირდაპირი სარაკეტო დარტყმის ქვეშ არ მოხვედრილა და სერიოზულად არ დაზიანებულა. არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ აქ სამხედროები ცხოვრობდნენ, ასევე არ შეინიშნება დაღუპულების ან სისხლის რაიმე კვალი“, – წერენ ჟურნალისტები.

კრამატორსკში მყოფმა ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტმა, ანტი კურონენმა დაბომბვის შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი შენობის ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი მინაწერით: „რუსეთი აცხადებს, რომ მან ასობით უკრაინელი ჯარისკაცი მოკლა კრამატორსკის ამ სკოლაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად. აქ ვიმყოფები და რატომღაც უცნაურია, რომ შენობა არ თბება და ადგილობრივებს სასწრაფო დახმარების მანქანა არ უნახავთ“.

ანტი კურონენი წერს: „ერთ-ერთი რაკეტა ამ ძველი ავტოფარეხების წინ ჩამოვარდა. მინდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩემს მიერ პირადად ნანახს უფრო ვენდობი, ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას 600-ზე მეტი დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ“.

ჟურნალისტი ასევე აცხადებს: „სკოლასთან არის უზარმაზარი კრატერი, რომელიც, სავარაუდოდ S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემით განხორციელებული დარტყმის შედეგად გაჩნდა. თუმცა, ეს დარტყმა პირდაპირი არ იყო. დილით აქ უკრაინელი იყვნენ და მათი თქმით, შენობა ცარიელი იყო“.

შემთხვევის ადგილი იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ჟურნალისტმა დანილე რენერიმაც მოინახულა. „რუსეთმა აქ, 28-ე და 47-ე საერთო საცხოვრებლების დაბომბვისას, თითქოს, 600 უკრაინელი სამხედრო მოკლა. ვამოწმებ პირველ ადგილს, 28-ე საერთო საცხოვრებელს: რაკეტა მიზანს ასცდა, რბილ ნიადაგზე დიდი ორმო წარმოშვა და ახლომდებარე შენობებს არ შეხებია“, – წერს საკუთარ „ტვიტერზე“ იტალიელი ჟურნალისტი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორის რუს სამხედრო ბლოგერებსაც კი არ სჯერათ.

მათ შორის არის ტელეგრამ-არხი Gray Zone, რომელიც „ЧВК Вагнера“-სთან დაახლოებულ საინფორმაციო წყაროდ მიიჩნევა.

„ოპერაცია შურისძიების“, ისევე როგორც 47-ე საერთო საცხოვრებელზე მიყენებული დარტყმის შედეგად გამოწვეული დანაკარგები აღმოჩენილი არ არის. მაგრამ ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვათ, რამდენადაც გადაწყვეტილების მიმღები პუნქტი უკრაინელებს, როგორც ჩანს, ავტოფარეხში ჰქონდათ განთავსებული“, – ირონიით წერს ტელეგრამ-არხის ავტორი, დაბომბვის ამსახველი ფოტოების ანალიზისას.

კიდევ ერთი ტელეგრამ-არხის „Военный Осведомитель“-ის ავტორებმა კი კრამატორსკის დაბომბვის შესახებ თავის ინფორმაციას მისცეს მჭევრმეტყველი სათაური: „მოდით, ვისაუბროთ „თვალებში ნაცრის შეყრაზე“.

„8 იანვრის ღამეს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა კრამატორსკის 28-ე და 47-ე სკოლებზე, სადაც მტრის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, – წერს ავტორი, – როგორც ადგილზე გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, შენობებზე პირდაპირი დარტყმა ვერ მოხერხდა. რაკეტები მოხვდა მიწას ან ახლომდებარე ავტოფარეხებს, ჩაიმტვრა ფანჯრები და დაზიანდა შენობების გარე ფასადი“.

„Военный Осведомитель“-ის ცნობით, „გაურკვეველია, ვინ და რა მიზეზით გადაწყვიტა, რომ შენობების შიგნით 600 უკრაინელი ჯარისკაცი ერთდროულად დაიღუპა, როდესაც შენობა რეალურად არც კი დაზიანებულა (შუქიც კი ისევ ენთო). მტრის პირადი შემადგენლობის რეალური განადგურების ნაცვლად, რაც ღირსეული პასუხი იქნებოდა, შურისძიების მედიაოპერაცია გამოიგონეს“, – აცხადებს პოსტის ავტორი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას უკრაინელ ჯარისკაცებს შორის ფართომასშტაბიანი მსხვერპლის შესახებ უკრაინული მხარეც უარყოფს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ, ეს ინფორმაცია შეადარა რუსეთის წინა განცხადებებს აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემების განადგურების შესახებ.

„ეს ინფორმაცია ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ რუსებმა ჩვენი ყველა HIMARS გაანადგურეს“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა…

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „8 იანვარს, კრამატორსკზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით