„უკრაინის დასახმარებლად შეერთებულმა შტატებმა ერთ წელიწადში უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე ავღანეთის ომის 10-წლიანი კამპანიის განმავლობაში“

მოწოდებული ინფორმაცია

 რუსულმა (innov.ru) და პრორუსულმა (strana.today) მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად ერთ წელიწადში უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე ავღანეთის ომის 10-წლიანი კამპანიის განმავლობაში. ამ ინფორმაციის წყაროდ კიელის (გერმანია) მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებია მითითებული.

„2022 წლიდან მოყოლებული, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 46,6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაუგზავნა (ამაში არ შედის ნატო-ს სხვა ქვეყნებიდან მიწოდებული იარაღის ღირებულება). ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კამპანიის დროს კი, რომელიც2001 წლიდან 2010 წლამდე გრძელდებოდა, შეერთებულმა შტატებმა 43,4 მილიარდი დოლარი დახარჯა“, – წერს რუსული და პრორუსული მედია.

გადამოწმებული: 1tv.ge

კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის უკრაინის მხარდაჭერის პროექტი (Ukraine Support Tracker) მონიტორინგს უწევს იმ დახმარებას, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა უწევს უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე.

2023 წლის 21 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავისადმი მიძღვნილ სტატიაში, ინსტიტუტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დასავლეთის წლიური ხარჯები უკრაინის მხარდასაჭერად უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ომებში. მაგალითად, ყოველწლიურად შეერთებული შტატები ხარჯავდა უფრო მეტ რესურსს ავღანეთსა და ერაყში ოპერაციების მხარდასაჭერად, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად (დახმარების მაჩვენებელი დაანგარიშებულია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული მაჩვენებელის მიხედვით).

Ukraine Support Tracker-ის მონაცემებით, შეერთებული შტატებმა, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 15 იანვრამდე (მონიტორინგის შედეგების ბოლო განახლება), უკრაინას73,2 მილიარდი ევროს ოდენობის (79 მილიარდი დოლარი) სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარების ვალდებულება აიღო. არის სხვა მონაცემებიც, რომელშიც უფრო დიდ თანხაზეა საუბარი. მაგალითად, ამერიკული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის საკითხებზე მუშაობას, აცხადებს, რომ 2022 წელს აშშ-ს კონგრესმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და მისი მოკავშირეების დახმარებას 113 მილიარდი დოლარის ოდენობით.

რაც შეეხება ავღანეთის ომის ხარჯებს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ავღანეთის ომის პირველ 10 წელიწადში (2001-2011) შეერთებულმა შტატებმა დახარჯა 341,7 მილიარდი დოლარი, ავღანეთში ამერიკელი ჯარების ყოფნის მთელი პერიოდის (2001-2021 წწ.) განმავლობაში კი – $849 მილიარდი.

ამდენად, რუსული და პრორუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინის დასახმარებლად შეერთებულმა შტატებმა ერთ წელიწადში უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე ავღანეთის ომის 10-წლიანი კამპანიის განმავლობაში“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით