მოწოდებული ინფორმაცია

„ტელეგრამ არხმა“ „Оперативные сводки“  გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინაში ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „სახალხო მილიციამ“ ტყვედ აიყვანა ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლოტიე.

„ამერიკელ გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლოტიეს, რომელიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციამ ჩამოგდებული ვერტმფრენიდან ტყვედ აიყვანა, მარიუპოლში მიაკვლიეს“, – აცხადებს  „Оперативные сводки“, რომელიც იქვე აღნიშნავს, რომ „ამის გაკეთება გენერლის საყვარლის თვალთვალის გზით მოხერხდა“.

„უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც დაზვერვისთვის Klute-ს სახელით არის ცნობილი, მუდამ თან ახლდა ამერიკელ გენერალს მოლაშქრე ცოლის, ნდობით აღჭურვილი პირისა და თარჯიმნის სახით. როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ეს ქალბატონი მარიუპოლში ჩავიდა, რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ქალაქი დაბლოკა“, – იუწყება „Оперативные сводки“.

„ნატო-ს გენერლის ტყვედ აყვანის“ ამსახველი ვიდეო-რგოლი „ტიკ-ტოკის“ ქსელშიც გავრცელდა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

PolitiFact-ის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა. „ტვიტში“ წერია, რომ რუსეთის არმიამ მარიუპოლში, ალყაში მოქცეული „აზოვის“ ბატალიონის  ბანაკში, აშშ-ის აფრიკის სარდლობის შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი როჯერ ლ. კლუტიე უმცროსი დააკავა. „ტვიტში“ ასევე ნათქვამია, რომ ეს ინფორმაცია რუსეთის არმიის დაუდასტურებელ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.

ინფორმაციის გავრცელებიდან სამი დღის შემდეგ, გენერალმა როჯერ კლუტიემ  LinkedIn-ის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იუწყება, რომ ის თურქეთში, ქალაქ იზმირში, ევროპის მოკავშირე ძალების შტაბში იმყოფება. 

აღნიშნული პოსტის ქვეშ გენერალმა კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ უკრაინაში მისი დაკავების შესახებ გავრცელებული ხმები „აბსოლუტური სიყალბეა“.

ფოტოები, რომლებზეც გენერალი კლუტიე არის აღბეჭდილი, ნატო-ს ტვიტერ და ფეისბუქ გვერდებზეც გამოქვეყნდა.

ამასთან, PolitiFact-თან მიმოწერაში, ნატო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მაიორმა ბრაიან ანდრიესმა დაადასტურა, რომ გენერალი კლუტიე უკრაინაში არ დაუკავებიათ.

ამდენად, Оперативные сводки“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინაში ნატო-ს გენერალი დააკავეს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით