„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლის მეჩეთში უკრაინელი ნაცისტების მიერ დატყვევებული თურქი მძევლები გაათავისუფლეს“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 17 აპრილს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმმა“ (regnum.ru) გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადება, რომლის თანახმად, „რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლის მეჩეთში უკრაინელი ნაცისტების მიერ დატყვევებული თურქი მძევლები გაათავისუფლეს“.

„ქალაქ მარიუპოლის გათავისუფლების მიზნით განხორციელებული შეტევის დროს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ერდოღანის 16 აპრილის თხოვნის საფუძველზე, პრიმორსკის რაიონში ჩატარდა სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, რომელიც უკრაინელ ნაცისტებს თურქულ მეჩეთში ჰყავდათ დატყვევებული“, – განაცხადა  იგორ კონაშენკოვმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსი გენერლის განცხადებაში საუბარია ქალაქ მარიუპოლში არსებულ სულეიმან ბრწყინვალის სახელობის მეჩეთზე, რომელსაც თურქეთის მოქალაქეები და სხვა ეროვნების მუსლიმები, მარტის თვეში, მარიუპოლზე განხორციელებული საარტილერიო შეტევების დროს, თავშესაფრად იყენებდნენ.

სულეიმან ბრწყინვალეს სახელობის მეჩეთების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰაჯი ოღლუმ, რუსული მხარის განცხადება „უკრაინელების ტყვეობიდან თურქეთის მოქალაქეების გამოხსნის“ შესახებ „ტვიტერში“ კატეგიულად უარყო.

მისი თქმით, 17 აპრილს მარიუპოლის მეჩეთში თურქეთის არცერთი მოქალაქე არ იმყოფებოდა და შესაბამისად, გადასარჩენიც არავინ იყო. ისმაილ ჰაჯი ოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქ მარიუპოლში სულ თურქეთის 24 მოქალაქეა და ისინი, უკვე ოთხ კვირაზე მეტია, მარიუპოლის იმ რაიონებში იმყოფებიან, რომელსაც რუსული მხარე აკონტროლებს.

ისმაილ ჰაჯი ოღლუ ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მტკიცება თურქეთის მოქალაქეების უკრაინელი სამხედროების ტყვეობაში ყოფნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამ ჭორების დაჯერება უაზრობაა“, – აცხადებს ისმაილ ჰაჯი ოღლუ.

სინამდვილეში, მარიუპოლში მყოფი ადამიანები, მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად, საშიში ზონის დატოვებას რუსეთის მიერ ქალაქის მუდმივი დაბომბვის გამო ვერ ახერხებენ.

რუსულმა მხარემ მარიუპოლში არსებული სულეიმან ბრწყინვალის სახელობის მეჩეთი 12 მარტს დაცხრილა. იმ დროისთვის იქ 86 სრულწლოვანი და მოზარდი იმყოფებოდა. ისინი მძევლებად არავის აუყვანია და არ დაუტყვევებია. დაცხრილვის მიუხედავად, მეჩეთის შენობა სერიოზულად არ დაზიანებულა, დაბომბვის დროს კი აფეთქება მეჩეთიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა. 14 მარტს მოხერხდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც „მწვანე დერეფნით“ მარიუპოლიდან 160 ერთეული სატრანსპორტო საშუალებით ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათ შორის, ორ ავტობუსში, თურქეთის ის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მანამდე მარიუპოლის მეჩეთს აფარებდნენ თავს…

მარიუპოლის მეჩეთში „თურქეთის მოქალაქეების უკრაინელების ტყვეობაში ყოფნის“ ფაქტს არც თურქეთის თავდაცვის მინისტრი ხულუს აკარი ადასტურებს. თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა, რომ მარიუპოლის მეჩეთში თურქეთის არცერთი მოქალაქე აღარ იმყოფება და ამაში რუსეთის დამსახურება არაფერი არ არის. თურქი მინისტრის თქმით, თურქეთის მოქალაქეების ნაწილმა მარიუპოლი, წინა ევაკუაციების დროს თავისით დატოვა, მეორე ნაწილი კი „შედარებით უსაფრთხო ზონაში“ გადავიდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის  თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადება, რომ „რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლის მეჩეთში უკრაინელი ნაცისტების მიერ დატყვევებული თურქი მძევლები გაათავისუფლეს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით