მოწოდებული ინფორმაცია
ქართულ და რუსულ მედიასივრცესა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „აზოვის“ ბატალიონის წევრები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების კოლონას დაესხნენ თავს.
„ნაცისტური ხოცვა-ჟლეტის შემზარავი კადრები, როგორც ნაცისტური მოჩვენებების დანაშაულის მტკიცებულება“, – წერენ „ტელეგრამ-არხის“ ანონიმი ავტორები.
გადამოწმებული: 1tv.ge
მედიასივრცესა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეორგოლის კადრებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ რუსი სამხედროები მარიუპოლში სამოქალაქო ავტომობილებით გადაადგილდებიან.
ვიდეორგოლის 00:06 წამზე ჩანს ავტომობილების კოლონა, რომელთა შორის არის რამდენიმე მსუბუქი, ერთი სატვირთო ავტომობილი და მინივენი. ამასთან, ვიდეორგოლის 1:00 წუთზე ასევე ჩანს, რომ ამ ავტომანქანებს არა აქვთ ჰუმანიტარული კოლონის განმასხვავებელი ნიშანი. მეტიც: მათზე არის ასო „Z“, რომელიც რუსი სამხედროებისა და ე. წ „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების“ მებრძოლთა ნიშანია.
ჟენევის კონვენციის თანახმად, რომელთანაც რუსეთის ფედერაციაც არის მიერთებული, „სამედიცინო ბრიგადების, სანიტარული სატრანსპორტო საშუალებების, სამედიცინო და სხვა პერსონალის დამცავ ამოსაცნობ ნიშნებს წარმოადგენს თეთრ ფონზე წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის ამ ლომისა და მზის ემბლემა“.
კონვენციაში ასევე ნათქვამია, რომ ამოსაცნობი ემბლემა უნდა იყოს იმ ზომის, როგორსაც შექმნილი ვითარება იძლევა.
ამდენად, გავრცელებული ვიდეორგოლით დგინდება, რომ „აზოვის“ მებრძოლების თავდასხმა განხორციელდა არა ჰუმანიტარულ კოლონაზე, არამედ რუს სამხედროებზე. ამაზე მიუთითებს რუსეთის არმიის განმასხვავებელი ნიშანი – ასო „Z“, გამოსახული ავტომანქანებზე, რუსი ჯარისკაცების კომუფლიაჟებსა და იარაღზე.
აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეორგოლი პირველად, 2022 წლის 18 აპრილს, გამოქვეყნდა პოლკ „აზოვის“ ოფიციალურ სოციალურ ქსელში წარწერით, «Контратака бойцов полка «Азов». ვიდეოჩანაწერი რომ მარიუპოლშია გადაღებული, პოლკის ტელეგრამ-არხიდანაც ჩანს. ორიგინალურ ვიდეორგოლში, ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში, ასევე ჩანს „აზოვის“ და პოლკის ტელეგრამ-არხის ნიშანი. როგორც ჩანს, მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ეს წარწერები წინასწარგანზრახვით წაიშალა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიასივრცესა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეორგოლი, რომლის მიხედვით, „აზოვის“ ბატალიონის წევრები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების კოლონას დაესხნენ თავს“, არის სიყალბე.