„გიორგი ხელაშვილმა, მოკლული საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი, საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე მოიხსენია „ტერორისტად“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 14 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაარცელა ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ წევრების, გიგა ბოკირიასა და გიორგი კანდელაკის ერთობლივი ბრიფინგის შესახებ, რომელიც  გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის „ტერორისტად“ მოხსენიებას შეეხებოდა.

„რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა, უკვე მთავარმა სპიკერმა გიორგი ხელაშვილმა, მოკლული საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე მოიხსენია ტერორისტად“, – აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა, რომლის თქმითაც, „ამ დამსახურებული პიროვნების (ზელიმხან ხანგოშვილის – „ანტიფეიკი“) მოხსენიება ტერორისტად არის  რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციების თანხვედრა“.

გადამოწმებული: 1tv.ge

2020 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ახალმა სახემ, გიორგი ხელაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა კომენტარი, რომელშიც ის ზელიმხან ხანგოშვილს მოიხსენიებს არა „ტერორისტად“, არამედ „alleged terrorist“-ად, ანუ „მტკიცებულების ან მისჯის გარეშე დადანაშაულებულ ტერორისტად“.

მოგვიანებით, თავად გიორგი ხელაშვილმაც განმარტა, რომ მან ზელიმხან ხანგოშვილს „დაუსაბუთებლად დადანაშაულებული ტერორისტი“ უწოდა და არა „ტერორისტი“.

„ჩემი დადანაშაულება ბატონი ხანგოშვილის „ტერორისტად“ მოხსენიებაში არის უსინდისო პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც ჩემი და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. „ევროპული საქართველოს“ წევრები ან ინგლისურში მოიკოჭლებენ, ან შეგნებულად მიმართავენ დეზინფორმაციას, ან ორივე ერთად“, – აცხადებს გიორგი ხელაშვილი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადება იმის შესახებ, რომ „გიორგი ხელაშვილმა მოკლული საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე  „ტერორისტად“ მოიხსენია“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით