„გერმანია ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოდის"

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 29 სექტემბერს, ინტერნეტ გამოცემა „ევროობზერვერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გერმანია ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოდის“.

გამოცემა გადაწყვეტილების მიზეზად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რაოდენობას ასახელებს.

როგორც „ევროობზერვერი“ წერს, მათ ხელში ჩაუვარდათ 27 სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ბოლო სამი თვის განმავლობაში, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა 51 პროცენტით არის გაზრდილი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.”

„ევროობზერვერის” შემდეგ, მსგავსი ინფორმაცია გამოქვეყნდა „რადიო თავისუფლების“ ინგლისურენოვან გამოცემასა და უკრაინულ საიტ Kyiv Post-ზე.

გადამოწმებული: 1tv.ge

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „ყალბს“უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გერმანია ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს.

„დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ, ყალბი ამბავია“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა „ევროობზერვერის“ მიერ გამოქვეყნებული სიახლის საპასუხოდ, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას 1tv.ge საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე საყრდნობით ავრცელებს.

რადიო „თავისუფლების” ევროპული ბიუროს რედაქტორი და მიმომხილველი, რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერში“ „ევროობზერვერის“ რედაქტორის, ნიკოლაი ნილსენის სტატიას ეხმაურება და წერს, რომ ამ საკითხის განხილვა 13 ოქტომბერს იგეგმება. მისი აზრით, უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოსალოდნელი არ არის თუმცა, ქვეყნებისთვის მეტი ყურადღების საფუძველს იძლევა.

ამრიგად, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყალბი უწოდა ინფორმაციას, თითქოს „გერმანია ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოდის”, შესაბამისად, „ევროობზერვერის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით