ევროკავშირის რომელი ქვეყნები არიან მზად რუსეთის მოქალაქეების მისაღებად და რა არის ამისთვის საჭირო

მოწოდებული ინფორმაცია

შემოდგომაზე ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და მოგვიანებით კი ჩეხეთმა, რუსებისთვის აკრძალეს ტურისტული ვიზებით მათ ქვეყნებში შესვლა. რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შეშვების თაობაზე დისკუსია მოსკოვის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ კვლავ გაჩაღდა. ზოგიერთმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, რუსებს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა ევროპაში გასასვლელად. Insider-მა გაარკვია, ევროკავშირის რომელი ქვეყნები არიან მზად რუსეთის მოქალაქეების მისაღებად და რა არის ამისთვის საჭირო.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

გერმანია: თავშესაფარი და რეპატრიაცია

გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი შეუძლიათ მიიღონ დეზერტირებმა და იმ რუსებმა, რომლებიც დევნის საფრთხის ქვეშ არიან, განაცხადა ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტმა. თუმცა, აღნიშნული კატეგორიის ადამიანებმა ამ უწყებას, თავშესაფრის მოთხოვნით, მხოლოდ გერმანიის ტერიტორიიდან შეუძლიათ მიმართოთ, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სიტუაციას რუსებისთვის, რომლებსაც, შესაძლოა, ქვეყნიდან გასვლისას სირთულეები შეექმნათ. ამასთან, განმცხადებელს დასჭირდება დევნის მტკიცებულების შეგროვება და მოთმინება – ეს რთული პროცესი, შესაძლოა, ორ წლამდე გაგრძელდეს.

უარის შემთხვევაში, არ მოხდება განმცხადებლის დეპორტირება, ვინაიდან გერმანიიდან რუსეთში დეპორტაცია აკრძალულია, აღნიშნავს ტელეგრამ არხი „Freies Russland-Berlin“.

ვისაც თავშესაფრის მოთხოვნა სურს, უნდა ერკვეოდეს ე.წ „დუბლინის რეგულაციაში“, რადგან სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყანას, რომელიც თავშესაფარმიღებული პირის დაცვას უზრუნველყოფს. კერძოდ, თავსესაფრის მიმღებ პირზე პასუხისმგებელი იქნება ის სახელმწიფო, რომელმაც განმცხადებელს ვიზა მისცა, ან ის ქვეყანა, რომელზე გავლითაც პირი ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა. ამასთან დაკავშირებით, უფლებადამცველები თავშესაფრის მსურველ პირს ურჩევენ, ჯერ ლათინური ამერიკის რომელიმე ქვეყანაში გაფრინდეს და იქ აირჩიონ, ევროკავშირის რომელ ქვეყანაში სურს გადასვლა.

გარდა ამისა, რუსებს შეუძლიათ, გერმანიას ჰუმანიტარული ვიზის მიცემის თხოვნითაც მიმართონ. თუმცა, როგორც იურისტი და პროექტის შემქმნელი, ანასტასია ბურაკოვა განმარტავს, ეს საჭიროებს დასაბუთებას, რომ განმცხადებლისთვის რუსეთში დარჩენა საშიშია.

„უნდა არსებობდეს რაიმე ქეისი საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ჟურნალისტური, უფლებადამცველი საქმიანობის გამო დევნასთან დაკავშირებით. ჰუმანიტარული ვიზა გულისხმობს პირისთვის რისკების არსებობას და შესაბამისად, რომელიმე ამ კატეგორიისთვის მის მიკუთვნებას“, – აცხადებს ბურაკოვა.

მისივე თქმით, ჰუმანიტარულ ვიზებს ქვეყნები სხვადასხვაგვარად გასცემენ: ზოგგან ეს პროცესი ხორციელდება სანდო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებსაც შეუძლიათ, თავიდანვე გადაამოწმონ ქეისი. გერმანიის ჰუმანიტარულ ვიზაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც უშუალოდ საკონსულოში ან საელჩოში, ისე უფლებადამცველი ორგანიზაციების მეშვეობით. ჰუმანიტარულ ვიზაზე განაცხადის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს გერმანულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ბურაკოვამ აღნიშნა, რომ რუსებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემა, გერმანიის გარდა, ლიეტუვას, ლატვიას, პოლონეთსა და ჩეხეთსაც შეუძლია.

გერმანიას ასევე აქვს სამშობლოში დაბრუნების პროგრამა ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში, აგრეთვე პოლონეთსა და სხვა სახელმწიფოებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის. განმცხადებელმა უნდა შეაგროვოს დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდება მისი ეროვნული კუთვნილება და ენის ცოდნა. ამ პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში შესვლა მეუღლესა და შვილებთან ერთად არის შესაძლებელი.

გერმანია უცხოელებს ასევე აძლევს სწავლისა და ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას. ცალკე ვიზებია გათვალისწინებული სხვადასხვა დარგის მკვლევარებისა და ფრილანსერებისთვის (შტატგარეშე თანამშრომლებისთვის) – ამ კატეგორიაში შედიან ჟურნალისტები, კონსულტანტები, ექიმები, არქიტექტორები და სხვა პროფესიების სპეციალისტები.

ესპანეთი: ლგბტ მხარდაჭერა

თავშესაფრის ან ჰუმანიტარული ვიზის მიღება ესპანეთიდანაც შეიძლება. ამ გზას, კერძოდ, შეუძლიათ მიმართონ ლგბტ პირებმა, რომლებსაც რუსეთში დევნიან.

„მაგალითად, თუ სამსახურში არ გიღებენ ან მუდმივად გიტოვებენ შეურაცხმყოფელ წარწერებს ბინის კარზე. ან პოლიციამ არ მიიღო შენი ჩვენება, როდესაც ჰომოფობიურ ნიადაგზე გცემეს. მნიშვნელოვანია, რომ საქმე არ იყოს ძალიან ძველი, მაგალითად, ბოლო მონაწერი პოლიციიდან იყოს უკანასკნელი ექვსი თვის პერიოდში“, – ასეთ რჩევას იძლევა აქტივისტი მიხაილ (მიშა) ტუმასოვი. ერთ-ერთ საფუძვლად შეიძლება გამოიყენებოდეს დაავადებებიც, მათ შორის ფსიქიკური, გამოწვეული მოვლენებით, რომლებიც დაკავშირებულია განმცხადებლის სექსუალურ ორიენტაციასთან ან იდენტობასთან. ამ შემთხვევაში, ფსიქიატრის ან ფსიქოთერაპევტის მიერ გაცემული ცნობაც „გამოდგება“.

განმცხადებლისთვის მომგებიანია, თუ ხელთ ექნება მტკიცებულებები პარტნიორთან ურთიერთობის შესახებ – მაგალითად, ერთობლივი ფოტოები, მიტანის სერვისების მიერ საერთო მისამართზე შესრულებული მომსახურის დამადასტურებელი სქრინები, ერთმანეთისთვის ფულის გადარიცხვები, ერთობლივი ქირავნობის ხელშეკრულება და ა.შ, – ურჩევს ესპანეთში თავშესაფრის ან ჰუმანიტარული ვიზის მაძიებელ რუსებს Queer Svit-ის თანადამფუძნებელი ანა-მარია ტესფაიე. თუ ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, ან იყო შემოქმედებითი აქტივისტი, სასურველია, ვიზის მიღების განაცხადში ესეც იყოს მითითებული. სამხედრო მობილიზაციის ფონზე, ტესფაიე რუს ტრანსგენდერებს პასპორტში სქესის შეცვლის ჩაწერიწ რეკომენდაციას აძლევს, რის შემდეგაც მათ უფრო მშვიდათ შეეძლებთა გამგზავრებისთვის მზადება და ამისთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება. „სქესის მარკერის შეცვლა სპეციალური კომისიის გავლის შემდეგ შეგიძლიათ“, – დასძენს Queer Svit-ის თანადამფუძნებელი.

„საქმეს წაადგება“ რუსული ან ადგილობრივი ლგბტ ორგანიზაციის წერილიც, რომელშიც რუსულ ორგანიზაციას შეუძლია, აღწეროს ქვეყანაში არსებული ვითარება და დაადასტუროს განცხადებლის მიერ მოყოლილი ამბის რეალობა.

გარდა ამისა, ესპანეთში შესვლა შესაძლებელია სწავლასთან, სამეცნიერო კვლევასთან ან ბიზნესთან დაკავშირებული მიზეზებითაც. კიდევ ერთი ვარიანტია არამომგებიანი (Non-lucrative) ვიზის მიღება, მაგრამ ეს დასაშვებია მხოლოდ მათთვის, ვინც არ მუშაობს და პასიურ შემოსავალს იღებს.

პორტუგალია: სტარტაპები და სამუშაო

პორტუგალია არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რუსების ევროკავშირში შესვლის სრულ აკრძალვას. ის მეწარმეებს სტარტაპ-ვიზას სთავაზობს. ეს ვიზა შეიძლება შეიცვალოს ბინადრობის ნებართვით, რომელიც გაგრძელდება, თუ სტარტაპერი მოთხოვნებს დააკმაყოფილებს – ხუთ წელიწადში მისი წლიური ბრუნვა 325 000 ევროზე მეტი იქნება და სამუშაო ადგილების შექმნას შეძლებს. მეწარმეებს ასევე შეუძლიათ მიიღონ D2 ვიზა, რომელიც ანალოგიური პირობებით გაიცემა შპს-ს ან ინდივიდუალური საწარმოს გახსნის შემთხვვაში. მოგვიანებით, D2 ვიზა ბინადრობის ნებართვით იცვლება.

გარდა ამისა, პორტუგალიაში შესაძლებელია D7 ვიზის მიღება, რისთვისაც საჭიროა პასიური შემოსავლის ან დისტანციური სამუშაოდან შემოსავლის (თვეში 705 ევროდან) დადასტურება. კიდევ ერთი ვარიანტია D3 ვიზა (მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის). მის მისაღებად, უნდა გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულება ადგილობრივ კომპანიასთან, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, მინიმუმ 1800 ევროს ანაზღაურებით.

საფრანგეთი: პასიური შემოსავალი და ბიზნესი

საფრანგეთში მოქმედებს ეგრეთ წოდებული B ვიზა – Visiteur, რომელიც გაიცემა ერთი წლით, შემდგომში გახანგრძლივების შესაძლებლობით. ასეთი ვიზის მქონე უცხოელს არ აქვს ქვეყანაში მუშაობის უფლება და ამასთან, უნდა დაადასტუროს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი 1329 ევროს აღემატება. ეს შეიძლება იყოს როგორც თავად განმცხადებლის, ასევე მისი ოჯახის წევრის შემოსავალი.

რუსებისთვის კიდევ ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს პროგრამა Passeport talent -ის ვიზები. ისინი ხელმისაწვდომია მეწარმეებისთვის, ხელოვანთათვის, სპორტსმენებისთვის, ასევე მაღალკვალიფიციური მუშაკებისთვის. გარდა ამისა, საფრანგეთში შესაძლებელია სასწავლო ვიზის მიღება.

პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით შესაძლებელია მიმართვა არა მხოლოდ უშუალოდ საფრანგეთში, არამედ საზღვარგარეთაც – ამ ქვეყნის საელჩოში ან საკონსულოში. თუ ფრანგი დიპლომატები გადაწყვეტენ პირისთვის სპეციალური ვიზის გაცემას, მას შეუძლია საფრანგეთში ჩასვლა და პროცესის იქ გაგრძელება.

ნიდერლანდები: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა

ნიდერლანდები მზადაა, მიიღოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები (ე.წ „ლურჯი ბარათის“ – Blue Card-ის მფლობელები), მკვლევარები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები, მეწარმეები (სტარტაპების დამფუძნებლების ჩათვლით), ასევე სულიერი მენტორები და ეკლესიის მსახურები. ზოგიერთ უცხოელს შეიძლება დასჭირდეს გამოცდის ჩაბარება ქვეყნის ენისა და კულტურის მინიმალური ცოდნის დასადასტურებლად. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვის აღება.

სტარტაპის დასაწყებად აუცილებელია სპეციალური ორგანიზაცია – ფასილიტატორის თანხმობა. გარდა ამისა, საჭიროა შემოსავლების დადასტურება. ასევე არსებობს კულტურის სფეროში გაცვლითი პროგრამების ვარიანტი, მაგრამ ის ვრცელდება 18-დან 30 წლამდე უცხოელებზე, ვინც ნიდერლანდებში სპეციალური, პროფილური ორგანიზაციის მეშვეობით ჩადის.

ნიდერლანდები ასევე იფარებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. გადაწყვეტილება თითოეულ საქმეზე მიიღება ინდივიდუალურად, 90 დღის განმავლობაში. ამასთან, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს, ხოლო უარყოფითი პასუხი – გასაჩივრდეს.

ნიდერლანდებს ასევე შეუძლია უცხოელებს მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი, თუ არსებობს მყარი არგუმენტების იმის დასაჯერებლად, რომ ამ პირებს სამშობლოში დევნის საფრთხე ემუქრებათ. ტესფაიე იძლევა რეკომენდაციას, რომ ლტოლვილების დიდი ნაკადის გამო, ახლა არ ღირს ნიდერლანდებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართვა: პროცესს შეიძლება ძალიან დიდი დრო დასჭირდეს. მისივე თქმით, ახლა ნიდერლანდების ვიზის მიღება თითქმის შეუძლებელია.

კვიპროსი: „ციფრული მომთაბარეები“ და IT პროფესიონალები

კვიპროსში დარჩენა შეიძლება, მაგალითად, ტურისტული ვიზით შესვლით და მოგვიანებით „ვიზიტორის ვიზის“ (Visitors Visa) მიღებით, რომელიც მუშაობის უფლებას არ იძლევა. „ვიზიტორის ვიზის“ მიღება მასაც შეუძლია, ვინც დაადასტურებს, რომ საზღვარგარეთიდან იღებს შემოსავალს. თუმცა, ახლა რუსებისთვის ეს ადვილი არ არის: ასეთ ვიზას ქვეყანაში საბანკო ანგარიში სჭირდება, ბინადრობის ნებართვის გარეშე კი ასეთი ანგარიშის გახსნა ძნელია.

ასევე შესაძლებელია „ციფრული მომთაბარის“ ვიზის აღება. ამისათვის პირმა უნდა დაადასტუროს სტაბილური ყოველთვიურად მინიმუმ 3500 ევროს შემოსავლის (ყველა გადასახადის გამოკლების შემდეგ) არსებობა. უცხოელები ასეთ ვიზას იღებენ ერთი წლის ვადით, რის შემდეგაც შეუძლიათ, კიდევ ორი წლით გააგრძელონ.

კვიპროსს ასევე აქვს პროგრამები სტარტაპებისთვის, სტუდენტებისთვის, მკვლევარებისთვის და მოხალისეებისთვის (ვოლონტიორებისთვის). კიდევ ერთი ვარიანტია ვიზა, რისთვისაც უნდა მიიღოთ სამუშაო შეთავაზება ადგილობრივი კომპანიისგან. მოგვიანებით, ის შეიძლება ბინადრობის ნებართვად გადაკეთდეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით