

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 7 ივლისს, საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოს აშშ-დან დახმარება 15%-ით შეუმცირდება, რაც „საშინელი განაჩენია“.
„დღეს გამთენიისას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს. ჩვენ, „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე, 15 პროცენტით შეგვიმცირდება აშშ-დან დახმარება… სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც დაედო ეს სანქციები: ეს არის დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა. სასამართლო არჩევნები და ა. შ. მეორე არის საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში და მესამე – ეს არის ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელის შეშლა ქვეყანაში“, – აცხადებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი.
ამ საკითხზე კომენტარს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე, რომან გოცირიძეც აკეთებს: „პირველად ისტორიაში ამერიკა საქართველოს სანქციებს უწესებს. ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაყინოს საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისათვის მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების 15 პროცენტი, რაც 20 მილიონ დოლარს შეადგენს“.
ამავე თემას ასევე ეხმიანება საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი.
„ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის კონგრესმა დააწესა უკვე სანქცია ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული და ავტოკრატიული რეჟიმისათვის. 30-წლიანი ურთიერთობების ისტორიის მანძილზე, საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული მოკავშირეებისგან… მაგრამ დღეს უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს ამერიკის კონგრესი“, – აღნიშნავს სალომე სამადაშვილი.
გადამოწმებული: 1tv.ge
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა 2020 წლის 6 ივლისს გამოაქვეყნა 2021 ფისკალური წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი.
პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებულია, სულ მცირე, 132 025 000 დოლარის ოდენობის დაფინანსების გამოყოფა. ამასთან, გამოქვეყნებული დოკუმენტი ითვალისწინებს დაფინანსების ნაწილის შეჩერების შესაძლებლობას. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ ეს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს: ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად; ბ) მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებით; გ) იმის უზრუნველსაყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. მათ შორის საუბარია უცხოური ბიზნესის დევნისგან თავისუფალი საქმიანობის, ასევე საქართველოში ჩადებული ინვესტიციების შედეგად მიღებული კომერციული და ფინანსური სარგებლის სრული რეალიზების უფლებების დაცვაზე.
აღსანიშნავია, რომ დაფინანსების შეჩერება არ ვრცელდება პროგრამებზე, რომლებიც მხარს უჭერს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ან პროგრამებზე, რომელიც მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვისკენ.
ამასთანავე, სახელმწიფო მდივანს შეუძლია, უარი თქვას აღნიშნული პუნქტის გამოყენებაზე, თუ განსაზღვრავს და ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.
წარდგენილი კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, თუ მას მხარს დაუჭერს წარმომადგენელთა პალატა და სენატი. ამის შემდეგ, პრეზიდენტი კანონპროექტს ან მხარს დაუჭერს, ან ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
ამდენად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში 2020 წლის 6 ივლისს კანონპროექტის წარდგენა არ ნიშნავს საქართველოს მიმართ რაიმე სანქციის ავტომატურად დაწესებას, რაზეც ზემოთ დასახელებული პოლიტიკოსები საუბრობენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი ვაშაძის, რომან გოცირიძის და სალომე სამადაშვილის მიერ საინფორმაციო საშუალებებში 2020 წლის 7 ივლისს გავრცელებული განცხადებები არის სიყალბე.