„წინასწარი მოთხოვნის განთავსების გარეშე „ფაიზერის“ ვაქცინები არ გვექნება"

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 24 ივნისს, „ტვ პირველის“ ეთერში, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველო „ფაიზერის“ ახალ პარტიას ვერ მიიღებს, რადგან ხელისუფლებას  ვაქცინა არ მოუთხოვია.

გადამოწმებული: 1tv.ge

რის საფუძველზე გააკეთა გიორგი ვაშაძემ აღნიშნული განცხადება და ვინ იყო ჩართული ვაქცინის შემოტანის ლოჯისტიკის საკითხში, ამის გასარკვევად „სტრატეგია-აღმაშენებლის“ პიარმა პოლიტსაბჭოს წევრთან, სერგო ჩიხლაძესთან გადაგვამისამართა. სერგო ჩიხლაძის განმარტებით, სხვადასხვა ქვეყანა ვაქცინაზე წინასწარ მოთხოვნას ანთავსებს ჯანმოსთან არსებულ კოვაქსპლატფორმაზე, მაგრამ ეს ინფორმაცია საჯარო არ  არის და როდის გაკეთდა მოთხოვნა, ვერ გავიგებთ. მისივე თქმით, „ამ ეტაპზე რასაც ველოდებით, ეს არის სხვადასხვა გზებით შემოსატანი ვაქცინები, ეს ხდება მწამოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებებით“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ „ფაიზერთან“ ხელშეკრულება დადებულია გაუთქმელობის პირობით,  ამიტომ დეტალებზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე გვიპასუხა: „ფაიზერთან“ არსებობს კონტრაქტი და მესამე კვარტალში ნაწილ-ნაწილ, წლის ბოლომდე მილიონი დოზა შემოვა“.

შესაბამისად, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ ხელისუფლებას ამ ეტაპზე შემოსატან „ფაიზერის“ ვაქცინებზე წინასწარი მოთხოვნაც კი არ განუთავსებია, არის სიყალბე, ვინაიდან მეორე ეტაპზე ვაქცინის შემოტანა მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხდება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:  ჩვენ წარმატებით მოველაპარაკეთ უშუალოდ ვაქცინის მწარმოებელს, როგორიცაა „ფაიზერი“.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით