

„კასრების თემა არის რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილი რაღაც მითები, არანაირი ფაქტები არ არის“
მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 23 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოსვლისას, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ე.წ „კასრების საქმეზე“ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, განაცხადა, რომ ამ საქმეზე „არანაირი ფაქტები არ არის“.
„ეს რაღაცა კასრების თემა არის დემაგოგია. თქვენ ახლა გადადიხართ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც არის შავ-ბნელი რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილი რაღაც მითები“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
გადამოწმებული: 1tv.ge
2013 წლის 17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში პოლიეთილენის კასრები იპოვეს, სადაც, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და ვიდეოფირები აღმოჩნდა, მათ შორის – სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერები აჩვენა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წელს, ორ პიროვნებას, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში არსებულ სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად, სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნულ პირების ბოლომდე გატეხვის მიზნით, მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი ძალადობით. აღნიშნულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეო-კამერით იღებდა კოხტა კოდუა. წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოფირები მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და საქმესთან ერთად წარიმართა არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სამალავში ნაპოვნ წამების კადრების საქმეზე სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი 11 პირი, რომლებსაც სასამართლომ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადება, რომ ე.წ „კასრების საქმეზე“ „არანაირი ფაქტები არ არის“ და ის „რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილ რაღაც მითებს“ წარმოადგენს, არის სიყალბე.