„ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სიაში საქართველო აფრიკის სახელმწიფოებს შორის აღმოჩნდა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 16 ივნისს, ფეისბუქის მომხმარებლმა,  ლევან მოსეშვილმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი – „ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სიაში საქართველო აფრიკის სახელმწიფოებს შორის აღმოჩნდა“.

მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის წყაროდ ავტორს მითითებული აქვს საიტი worldpopulationreview.com, სადაც საქართველო, ზამბიის, ლიბიის და აფრიკის სხვა ქვეყნების გვერდით, მსოფლიოში ყველაზე სუსტი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სიაშია შეყვანილი.

გადამოწმებული: 1tv.ge

worldpopulationreview.com არის საიტი, რომელზეც განთავსებულია მსოფლიოს ყველა ქვეყნის სიღარიბის დონის, აგრეთვე განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში არსებული მდგომარეობის მაჩვენებლები.

ეს მაჩვენებლები ეყრდობა „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) კვლევებს, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო კვლევა 2018 წელს ჩატარდა, 2021 წლისთვის დაგეგმილი კვლევა კი, კოვიდპანდემიის გამო, 2022 წლისთვის გადაიდო…

2018 წელს ჩატარებული პირველი კვლევის მონაცემები აჩვენებს უმაღლესი განათლების მქონე პირების (25-დან 64 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი) პროცენტულ წილს ქვეყნის მთელ მოსახლეობასთან მიმართებაში. ამ სიაში კანადა, იაპონია და ისრაელი ლიდერობენ. საქართველო ამ კვლევაში არ მონაწილეობდა.

მეორე კვლევა „პიზას“ სახელითაა ცნობილი და ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, როგორ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს, სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებით.

ცოდნა მოწმდება სამი მიმართულებით – წაკითხულის გააზრება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო დისციპლინები.

2018 წლის კვლევის შედეგებით, საქართველოს წიგნიერების ნაწილში 380, მათემატიკაში – 398, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 383 ქულა აქვს. ამ მონაცემებით, საქართველო კვლევაში მონაწილე 77 ქვეყანას შორის 69-ე ადგილზეა. რეიტინგში საქართველოს ჩამორჩებიან: საუდის არაბეთი, ინდონეზია, ლიბანი, მაროკო, პანამა, კოსოვო, ფილიპინები და დომინიკელთა რესპუბლიკა.

საიტზე იკვეთება სამი კომპონენტის საშუალო ქულის კლების ტენდენცია. კერძოდ, თუ 2015 წელს საქართველოსთვის ეს რიცხვი იყო 405, 2018 წლისთვის მან 387 შეადგინა.

როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილებიდან ჩანს:

2015 წლის შედეგებით:

  • წაკითხულის გააზრებაში საქართველოს ჰქონდა 401 ქულა, როცა OECD-ის კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო ქულა იყო 493;
  • მათემატიკაში საქართველოს ჰქონდა 404 ქულა, როცა OECD-ის კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო ქულა – 490;
  • საბუნებისმეტყველო დისციპლიმებში საქართველოს ჰქონდა 411 ქულა, OECD-ის კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო ქულა კი იყო 493.

ბოლო პერიოდში, „პიზას“ კვლევის შედეგები მთელ მსოფლიოში ერთგვარი სპეკულაციების საგანი გახდა. სამ წელიწადში ერთხელ შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად, პირველ ათეულში მოხვედრილ ქვეყნებს შორის კონკურენცია იზრდება, ხოლო არასახარბიელო მონაცემების მქონე სახელმწიფოები და მთავრობები თავდაცვით რეჟიმში გადადიან.

ლევან მოსეშვილი, მის მიერ მოხმობილ წყაროზე ზე(worldpopulationreview.com) დაყრდნობით, საქართველოს განათლების სისტემის შესაფასებლად იყენებს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ორ კვლევას, საიდანაც ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა 77 ქვეყნიდან 69-ე ადგილს იკავებს. თავის მხრივ, ეს მაჩვენებელი, 2015 წელთან შედარებით, გაუარესებულია.

შესაბამისად, ლევან მოსესიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია („ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სიაში, საქართველო აფრიკის სახელმწიფოებს შორის აღმოჩნდა“) არის სიმართლე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით