

მოწოდებული ინფორმაცია
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლიდან მე-12 კლასი უქმდება.
„მე-12 კლასი 2023 წლიდან გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლას ერთდროულად დაამთავრებენ“, – აღნიშნული ინფორმაცია, ბოლო პერიოდში, მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც გაირკვა, რომ მე-12 კლასის სახელმძღვანელოებმა, შესაძლოა, გრიფირება არ გაიაროს.
ასეთი შინაარსის ინფორმაცია თითქმის ყოველწლიურად ვრცელდება და მოსწავლეების და მათი მშობლების გაურკვევლობას იწვევს. რამდენიმე მათგანი „ანტიფეიკს“ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა.
გადამოწმებული: 1tv.ge
„ანტიფეიკი“ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს ოფიციალური პასუხის თანახმად, მე-12 კლასის გაუქმების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. ასევე სიყალბეა, რომ სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით, თითქოს, პრობლემები არსებობს.
შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „მე-12 კლასი უქმდება”, არის სიყალბე.