მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 26 ნოემბერს, საინფორმაციო სააგენტო newposts.ge-მ გაავრცელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ზურაბ მელიქიშვილის კომენტარი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხზე.
„ვერცერთი ბიზნესმენი, სურვილის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს ვერ ეხმარება“, – აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

გადამოწმებული: 1tv.ge
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, შემოწირულობის სახით, 2 მლნ 295 ათას 309 ლარი მიიღო.
რაც შეეხება მთლიანად 2020 წელს განხორციელებულ შემოწირულობას, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალება-საქართველოს“ მონაცემებით, 621-მა შემომწირველმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 5 672 325 ლარი გადაურიცხა.
მსხვილ შემწირველთა შორის არიან:
კომპანია „პსპ ფარმა“ – 120 000 ლარი;
შ.პ.ს. „ჯი-ემ-პი“ – 60 000 ლარი;
დიზაინერი ირაკლი ნასიძე – 60 ათასი ლარი;
„რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე – 60 000 ათასი ლარი;
ინდმეწარმე ფრიდონ მაჭარაშვილი – 59 000 ათასი ლარი;
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი – 55 000 ლარი;
ნიკოლოზ ნაყოფია (კობა ნაყოფიას შვილი) – 55 000 ლარი;
PSP ჯგუფის გენერალური დირექტორი გოჩა გოგილაშვილი – 40 000 ლარი;
შ.პ.ს „კომპლექს კონსთრაქშენი“ – 26 000 ლარი და ა.შ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადება, რომ „ვერცერთი ბიზნესმენი, სურვილის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს ვერ ეხმარება“, არის სიყალბე.