„ბიუჯეტიდან თანხის მოთხოვნას კანონი გვავალდებულებს“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 26 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხზე საუბრისას, განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ბიუჯეტიდან თანხის მოთხოვნას კანონი ავალდებულებს.

„მე შეგახსენებთ, რომ დაფინანსება არა მხოლოდ კეთილი ნება, ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულება, ჩვენ კანონი გვავალდებულებს, მივმართოთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნას გარკვეული თანხები პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული, ვინ შედის პარლამენტში და ზოგადად, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში 2020 წლის 2 ივლისს შეტანილი ცვლილებების (30-ე მუხლის მე-4 პუნქტი) თანახმად, „პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყოველწლიურად, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა“.

ამდენად, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსების მიღება არ წარმოადგენს ამა თუ იმ პარტიის ვალდებულებას. თუ პოლიტიკურ სუბიექტს არ სურს აღნიშნული თანხის მიღება, ამისთვის საკმარისია, მან დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობა არ წარადგინოს ცესკო-ში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი, რომელსაც ზაალ უდუმაშვილი წარმოადგენს, საპირისპიროდ მოიქცა – მან უკვე მიმართა ცესკო-ს წერილობით, რომ თანახმაა მიიღოს საბიუჯეტო დაფინანსება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ზაალ უდუმაშვილის განცხადება, რომ მის პარტიას  „ბიუჯეტიდან თანხის მოთხოვნას კანონი ავალდებულებს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით