მოწოდებული ინფორმაცია
სოციალურ ქსელებში, უკრაინულ ენაზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. ასევე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც ცუნამის კადრებია ნაჩვენები.
„ვიდეო თურქეთის სანაპიროდან. მიწისძვრით გამოწვეული ტალღა ნაპირისკენ მიემართება და სასტუმროს ტერიტორია იტბორება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გადამოწმებული: 1tv.ge
თურქული მედია ნამდვილად იტყობინებოდა 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ მცირე ზომის ცუნამის წარმოქმნის შესახებ, მაგრამ ვიდეო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას არ უკავშირდება.
Google Lens-ის საძიებო სისტემით დგინდება, რომ აღნიშნული ვიდეორგოლი ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნდა და როგორც წარწერაშია აღნიშნული, ის გადაღებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ დურბანის მახლობლად არსებულ სანაპიროზე.
დურბანისთვის თავსდამტყდარი ცუნამის შესახებ ინფორმაცია მედიაში 2017 წლის მარტში გავრცელდა. საკმაოდ ადვილია იმის გადამოწმება, ეს კადრები ნამდვილად დურბანის პლაჟზეა თუ არა გადაღებული. ამისთვის საკმარისია, Google Maps-ზე იმ ადგილის პოვნა, სადაც ვიდეოა გადაღებული – სატელიტურ სურათზე კარგად ჩანს იდენტური აუზები, ახლომდებარე შენობების ფერადი სახურავები და პალმის ხეების ჩრდილი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელებში, უკრაინულ ენაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, არის სიყალბე.