

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 26 აგვისტოს, ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრში“ გამოსვლისას, გუბაზ სანიკიძემ ყარსის ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „მოდის ყარსის ხელშეკრულების ასი წლისთავი. გასაგრძელებელია. რას იზამენ რუსები? თურქები? სომხები? არის ინფორმაცია, რომ სომხები ყარსის ხელშეკრულების ჩაშლას და თურქეთისთვის ტერიტორიული პრეტენზიის წაყენებას აპირებენ. ეს ნიშნავს, რომ ყარსის ხელშეკრულება ჩაიშლება. მაშინ თავიდან დაიწყება ყველაფერი. პრეტენზიები ექნებათ სამხრეთ საქართველოში, აჭარაში და ვისი იმედი გაქვთ ამ ხელისუფლებიდან?“
გადამოწმებული: 1tv.ge
1921 წლის 13 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ყარსში, რუსეთის მონაწილეობით, ხელი მოეწერა მეგობრობის ხელშეკრულებას – ერთი მხრივ, თურქეთსა და, მეორე მხრივ, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის. ყარსის ხელშეკრულება დაიდო უვადოდ, მასში არ არსებობს არც ერთი მუხლი, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება.
ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს გადაეცა ყარსი, არდაგანი და ართვინი, ხოლო თურქეთმა აღიარა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სუვერენიტეტი აჭარაზე, იმ პირობით, რომ საქართველო უზრუნველყოფდა აჭარის ავტორნომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების, მათ შორის, რელიგიურ-კულტურული უფლებების დაცვას (მე-6 მუხლი).
1992 წლის 30 ივლისს გაფორმდა „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ,” რომლის პრეამბულაში მოხსენიებულია ყარსის ხელშეკრულებაც. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სახელმწიფო საზღვარი კვლავ ყარსის შეთანხმების საფუძველზე იარსებებს.
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა არაერთხელ განმარტა, რომ ყარსის ხელშეკრულება მხარეებს შორის უვადოდ დაიდო და თითქოს, ასი წლის გასვლის შემდეგ, თურქეთი, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, რაიმე პრეტენზიას გამოთქვამს აჭარის ტერიტორიის მიმართ, არის დეზინფორმაცია.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვარი დელიმიტირებული, გავლებული და აღნიშნულია. ამ კონტექსტში ვხვდებით ისეთ მცდარ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად, რომ 2021 წელს ხდება ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავი, მას გასდის ვადა და თურქეთი მოინდომებს აჭარის მიტაცებას. ჩვენი თხოვნა ქართული მედიისადმი იქნება, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ასეთ დეზინფორმაციას“, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა.
ამდენად, გუბაზ სანიკიძის განცხადება, რომ „ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის და ის გასაგრძელებელია“, ასევე ის, რომ თუ ხელშეკრულება „ჩაიშალა“, თურქეთი სამხრეთ საქართველოზე პრეტენზიას განაცხადებს, არის სიყალბე.