„ეს არის ბინძური პროვოკაცია, რომელიც პირველი არხის ჟურნალისტის მხრიდან ჩემს საწინააღმდეგოთ იქნა განხორციელებული“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 9 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო presa.ge-მ გაავრცელა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადება, რომელშიც ის „პირველი არხის“ ჟურნალისტს „ბინძურ პროვოკაციაში“ ადანაშაულებს.

„ვეხმაურები პირველი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე ვაპირებ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში შესვლას – ეს არის ბინძური პროვოკაცია, რომელიც პირველი არხის ჟურნალისტის მხრიდან ჩემს საწინააღმდეგოთ იქნა განხორციელებული. ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება ურყევი – მე უარს ვამბობ საქართველოს პარლამენტის წევრობაზე და ბიძინა ივანიშვილის მასკარადში მონაწილეობაზე. ეს პოზიცია არ შეიცვლება და დარჩება ასე!“ – აცხადებს გუბაზ სანიკიძე presa.ge-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადამოწმებული: 1tv.ge

2020 წლის 9 დეკემბერს „პირველი არხი“ დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრს, გუბაზ სანიკიძეს და კომენტარი სთხოვა, თუ რა პოზიცია აქვს პარლამენტში ოპოზიციის შესვლასთან დაკავშირებით.

გუბაზ სანიკიძის პასუხი, საუბრის სატელეფონო ჩანაწერთან ერთად, სრულად და უცვლელად გამოქვეყნდა „პირველი არხის“ ვებ-გვერდზე 1tv.ge.

„ვერ გაგცემ კითხვებზე პასუხს ჩემო კარგო. მიტომ ჩემო ძვირფასო ადამიანო, მიტომ ვერ გაგცემ პასუხს, აი, ორი-სამი დღე მაცალეთ, მერე გაგცემთ პასუხს. არ არის ჩემი მოსაზრება საინტერესო ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ. ამ მომენტში ვარ მაყურებელი, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენი ბედკრული სამშობლოსი. მაყურებლები ვართ ყველანი, ჩემო კარგო ადამიანო. აუ, გეხვეწები რა, ჩემო ძვირფასო ადამიანო. მორჩა და გათავდა. ჩემი უფლებაა რა, როდის მოგცემთ ინტერვიუს“, – განუცხადა გუბაზ სანიკიძემ „პირველი არხის“ ჟურნალისტს.

რამდენადაც „პირველ არხს“ არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ „გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში შესვლას“ აპირებს, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრის, გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „პირველი არხის“ ჟურნალისტის მხრიდან მის წინააღმდეგ ბინძური პროვოკაცია განხორციელდა, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით