

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 19 სექტემბერს abcnews.com.ge-ს მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, თითქოს პუტინი გეგმავს საქართველოში შემოჭრას. „SOS !!! SOS !!! SOS !!! აშშ-ს სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა ტელეკომპანია “Fox News” – თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში შეჭრისთვის ემზადება,ამ მიზნით მან სამხრეთ ოსეთში თავისი სამხედროების რიცხვი გაზარდა და უკვე შეიტანა უახლოესი სამხედრო ტექნიკა !!! სულ ცოტა ხნის წინ მოსკოვმა სამხრეთის სამხედრო ოლქს, ახალი ბალისტიკური რაკეტები “ისკანდერი” გადასცა. გარდა ამისა, ამ სამხედროების პასუხისმგებლობის ზონაში განლაგებულია რაკეტები «С-400», ტანკები «Т-90», მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები “სმერჩი”, თავდასხმისთვის – ყველაზე თანამედროვე ტიპის ვერტმფრენები. სამხრეთ ოსეთში რუსეთს 30 ათასიანი სამხედრო კონტიგენტი ჰყავს მობილიზებული!“ – წერს abcnews.com.ge.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს პირველმა არხმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და დაადგინა, რომ კონგრესმენ მაიკ როჯერსის ინტერვიუ „Fox News“-თან შედგა 2014 წლის 31 მარტს, სადაც მან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციაზე საუბრისას, რეგიონში რუსეთის ძალების განლაგება აღწერა და ბუნებრივია, ახსენა სამხრეთ ოსეთში განლაგებული ძალებიც. „მაინტერესებს რატომ მიმდინარეობს აღჭურვილობის გადატანა საქართველოში, სამხრეთ ოსეთში. ამას არანაირი აზრი არ ქვს, გარდა იმისა, რომ მათ შესაძლოა იმედი აქვთ, რომ ჯავშანტექნიკის კოლონებით, საქართელოს გავლით, სომხეთს მიაღწევენ და ირანიდან სახმელეთო გზას შექმნიან “ – თქვა კონგრესმენმა. აღნიშნულ ინტერვიუში მას ასევე არ დაუსახელებია არც კონკრეტული ტექნიკის სახეობები და მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ქვედანაყოფებისა და აღჭურვილობის ტიპები.
შესაბამისად, abcnews.com.ge-ს მიერ 2020 წლის 19 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, თითქოს პუტინი საქართველოში შემოჭრას გეგმავს, არის სიყალბე.