„შემოდგომაზე ამ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა გაზის გარეშე დარჩება“

მოწოდებული ინფორმაცია

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს მედიაცენტრმა „მთავარი“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ენზელ მკოიანის განცხადებით, შემოდგომაზე მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება. „ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელიც 2020-ის არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს ჯენჭისყრას, განცხადებას ავრცელებს და  ამბობს, რომ მის ოჯახზე ზეწოლაა, მიზანი კი საპარლამენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის მოხსნაა. „ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე. დღეს, ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიციისა და აუდიტის თანამშრომლები მოვიდნენ და დალუქეს ყველა კომპიუტერი და საბუთები. ჩემი ძმა საქართველოში დიდი სომეხი ბიზნესმენია, მასთან შპს “მეეკი”-ში და “ეს-ჯი-გაზ” კომპანიაში 300 ადამიანია დასაქმებული რომლის უკანაც ოჯახები დგანან. ეს არის ზეწოლა ბიზნესმენზე და ბიზნესზე. ეს ყველაფერი პოლიტიკური ხასიათისაა. მათი ერთადერთი მიზანია, რომ მე ჩემი კანდიდატურა მოვხსნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან.თუ ამ ტემპში გაგრძელდება ყველაფერი, მაშინ, ის პროექტების განხორციელებას ვერ შევძლებთ, რაც დაგეგმილი იყო. კომპანია ვერ მოახერხებს ბუნებრივი აირის მიწოდებას და შემოდგომაზე, ამ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა  გაზის გარეშე დარჩება. კომპანია გაბანკროტდება და როგორც კომპანია ისე მოსახლეობა დიდ ზარალს მიიღებს,“ – წერს mcm.ge 

გადამოწმებული: 1tv.ge

აღნიშნული ინფორმაცია, საქართველოს პირველმა არხმა გადაამოწმა, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 18 სექტემბრის განცხადების თანახმად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მხოლოდ საბუთები ამოიღეს და სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა. „საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია და არა კომპიუტერული ტექნიკა, ასევე არ გატარებულა სხვა სახის საპროცესო იძულების ღონისძიება, რაც ხელს შეუშლიდა კომპანიას განაგრძოს საქმიანობა და მოსახლეობის გაზით მომარაგება,“ – წერია ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. 

რაც შეეხება კომპანიის გაბანკროტების შემთხვევაში მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას – როგორც საქართველოს პირველ არხს სემეკში განუცხადეს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნა მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების შეწყვეტის საფრთხე, სემეკი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს გადაწყვვეტილების საფუძველზე,  კომპანიაში დანიშნოს სპეციალური მმართველი მოსახლეობის ბუნებრივი აირის საიმედო და უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით. სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებულია კომისიის წინაშე. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ენზელ მკოიანის განცხადება, რომ მისი ძმის კომპანიის გაბანკროტების შემთხვევაში მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა შემოდგომაზე ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება, არის სიყალბე. 

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით