„ალკოჰოლის მიღება, ჰომოსექსუალიზმი, ხმამაღალი მუსიკა, პაემნები და ა.შ. ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სტუმრებისთვის დაუშვებელია“

მოწოდებული ინფორმაცია

ერთ თვეზე ნაკლები რჩება ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელიც ყატარში ტარდება. სოციალურ ქსელებში გავრცელდა პოსტერი, რომელშიც ჩამოთვლილია ქცევის წესები ჩემპიონატის სტუმრებისთვის.

პოსტერი ორენოვანია. მასზე ინგლისურ და არაბულ ენებზე იკითხება შემდეგი ტექსტი: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ყატარში. გამოიჩინეთ პატივისცემა ყატარელი ხალხის კულტურის და რელიგიის მიმართ. თავი შეიკავეთ შემდეგი ქმედებისგან: ალკოჰოლის მიღება; ჰომოსექსუალიზმი; ურცხვობა; უცენზურო ლექსიკა; რელიგიური ადგილების უპატივცემულობა; ხმაური და ხმამაღალი მუსიკა; პაემნები; ნებართვის გარეშე ფოტოს გადაღება“.

გადამოწმებული: 1tv.ge

Reuters-ის მიხედვით, პოსტერი, რომელიც სოციალურ მედიაში ტრიალებს, არასწორ ინფორმაციას შეიცავს და მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების მოწოდებას ან მათ ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს.

„მოვუწოდებთ გულშემატკივრებს და ვიზიტორებს, რომ ფიფა-ს 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული სამოგზაურო რჩევების მისაღებად, დაეყრდნენ მხოლოდ ჩემპიონატის ორგანიზატორების მიერ შედგენილ ოფიციალურ მასალებს“, – აღნიშნულია მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ Reuters-ისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.

Reuters-ს ასევე განუცხადეს, რომ საორგანიზაციო კომიტეტი გულშემატკივრებისა და სტუმრებისთვის უმოკლეს ვადაში გამოაქვეყნებს ოფიციალურ და დეტალურ გზამკვლევს, რომელიც გააქარწყლებს სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

Reuters-ი ფიფა-ს მედია-ოფიცერსაც დაუკავშირდა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნული პოსტერი ოფიციალური დოკუმენტი არ არის.

თავად პოსტერი ყატარის მოქალაქეების მიერ შექმნილ ჯგუფ „გამოიჩინე პატივისცემას“ ეკუთვნის. ამ ჯგუფის მიზანია, უცხოელ ტურისტებს შეახსენოს, პატივი სცენ ქვეყნის ტრადიციებსა და ჩვევებს.

Reuters-ი კომენტარისთვის პოსტერის ავტორსაც დაუკავშირდა, მაგრამ მისგან რაიმე განმარტება ან პასუხი ვერ მიიღო.

ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია („ალკოჰოლის მიღება, ჰომოსექსუალიზმი, ხმამაღალი მუსიკა, პაემნები და ა.შ. ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სტუმრებისთვის დაუშვებელია“) წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით