„ყატარში სტადიონების მშენებლობას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 12 იანვარს, გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ ფრანგ ფეხბურთელთან, ერიკ კანტონასთან, რომელიც აღნიშნავს, რომ არ აპირებს 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის თვალის მიდევნებას. ფრანგი ფეხბურთელი ამის ერთ-ერთ მიზეზად მასპინძელი ქვეყნის არაკეთილსინდისიერებას ასახელებს. კანტონას არ მოსწონს, რომ ყატარში ყველაფერი ფულთანაა დაკავშირებული და „საშინელს“ უწოდებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, სტადიონების მშენებლობაზე რამდენიმე ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

„ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული და იმასთან, თუ როგორ ექცეოდნენ ყატარში ადამიანებს, ვინც სტადიონებს აშენებდა. ეს საშინელებაა, ამას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. და ამის მიუხედავად, ჩვენ ამ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ვიზეიმებთ?“ – განაცხადა კანტონამ.

ინტერვიუში გამოთქმული ფრანგი სპორტსმენის ზოგიერთი მოსაზრება ქართულ მედიაშიც გამოქვეყნდა.

„ანტიფეიკმა” გამოიკვლია კანტონას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ყატარში მუშების არაადეკვატურ პირობებში მუშაობის და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის შესახებ.

გადამოწმებული: 1tv.ge

ყატარმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2010 წელს მოიპოვა. The Guardian-ის მიხედვით, 2010 წლიდან დღემდე, სტადიონებისა თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს, ქვეყანაში 6,750 მიგრანტი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან ინდოეთის, ნეპალის, ბანგლადეშის, პაკისტანის და შრი-ლანკას მოქალაქეები.

The Guardian ასევე წერს, რომ სტატისტიკაში ყველაზე ხშირად ბუნებრივი სიკვდილი ფიქსირდება. მიზეზად კი ჰაერის უკმარისობა და გულის მწვავე არითმია სახელდება. გამოცემის მიერ მოპოვებული სტატისტიკის მიხედვით, ნეპალელი, ინდოელი და ბანგლადეშელი მომსახურე პერსონალის 69 % ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მაგრამ, საერთაშორისო ორგანიზაციები ბუნებრივი სიკვდილის მიზეზის მართებულობას ეჭვის ქვეშ აყენებენ და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და მედიაში გავრცელებული ანგარიშებზე მიუთითებენ.

Amnesty International-ის მუშათა უფლებების მკვლევარი სპარსეთის ყურის რეგიონში, მეი რომანოსი, NBC News-თან ჩაწერილ ინტერვიუში, აღნიშნავს, რომ მუშების ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალების შემთხვევების სიმრავლე არადამაჯერებელია. „მუშები, ყატარში ჩამოსვლის დროს, ჯანმრთელები იყვნენ. მათ გაიარეს სამედიცინო კვლევები და ისე მოიპოვეს ქვეყანაში მუშაობის უფლება. ისინი დაიღუპნენ ახალგაზრდულ ასაკში, გარდაცვალების მოწმობაში მიზეზად კი „ბუნებრივი სიკვდილი“, „გულის მწვავე არითმია“ ან „ჰაერის უკმარისობა“ უწერიათ“, – აღნიშნავს რომანოსი.

იგი, 2021 წლის პირველ სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში, ყურადღებას ამახვილებს სტადიონების მშენებლობაზე დასაქმებულთა მძიმე საცხოვრებელ და სამუშაო პირობებზე. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მუშებს ყატარის მძიმე კლიმატის პირობებში უწევთ მუშაობა, რის შემდეგაც ღამეს პატარა ოთახში ათენებენ, რომელშიც 8-10 კაცია განთავსებული.

Amnesty International-ი ჯერ კიდევ 2016 წელს წერდა ყატარში სტადიონების მშენებლობებზე დასაქმებული მიგრანტების ექსპლუატაციის შესახებ. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ მშენებლობებსა და ტერიტორიის გამწვანებაზე დასაქმებულები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ და მუშაობენ. კერძოდ, საუბარია მოუწყობელ და მცირე ზომის საცხოვრებელი ფართებში დიდი რაოდენობის ადამიანების განთავსებაზე; დაპირებულზე ნაკლები გასამრჯელოს გადახდაზე; დამსაქმებლის მიერ ხელფასის დაგვიანებაზე (ზოგჯერ თვეების განმავლობაში ); დამსაქმებლების მიერ ბინადრობის უფლების არგანახლებაზე (რაც მიგრანტებს ქვეყნიდან გაძევების საფრთხის წინაშე აყენებდა); ზოგ შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ პასპორტების კონფისკაციაზე (მძიმე პირობებში მომუშავე დასაქმებულის ქვეყნის დატოვების თავიდან ასაცილებლად)…

Amnesty International-ის ანგარიშში ასევე მოყვანილია თავად მუშების მიერ გამჟღავნებული ფიზიკური და ფსიქიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც.

2018 წელს ჩაწერილ რეპორტაჟში France 24 ესაუბრა მშენებლობაზე დასაქმებულ ფილიპინელ სანტექნიკოს ერნესტოს, რომელმაც აღნიშნა, რომ ყატარში ორი წლის მანძილზე მუშაობის შედეგად, იმაზე მეტი ვალი დაუგროვდა, ვიდრე ამ ქვეყანაში ჩასვლამდე ჰქონდა. ორმა ნეპალელმა მუშამ კი განაცხადა, რომ ყატარში დაგროვებული ვალების გასასტუმრებლად, სკოლიდან ბავშვების გამოყვანა და მიწების გაყიდვა მოუხდათ…

The Guardian-მა საკუთარი გამოძიება 2021 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სტატიაში დასახელებული გარდაცვლილთა რიცხვი (6750), სინამდვილეში, გაცილებით მეტია, რადგან მასში არ არის შესული 2020 წლის ნაწილის და მთლიანი 2021 წლის მონაცემებ.. ამ მოსაზრებას ამყარებს Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2021 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ყატარს „სამუშაოების შესრულების დროს გარდაცვლილთა რიცხვის არაადეკვატურად დათვლასა და მონაცემების არასრულად გასაჯაროებაში“ დასდო ბრალი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ფრანგი ფეხბურთელის, ერიკ კანტონას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ყატარში სტადიონების მშენებლობას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, წარმოადგენს სიმართლეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით