„ვაქცინას ქმნიან იგივე ჯგუფები, ვინც ვირუსი შექმნა... „კოვიდ-19“ პლანეტის მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირების მიზნით ხელოვნურად შექმნილი ვირუსია“

მოწოდებული ინფორმაცია

გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ და ვებ-პორტალმა „თვალსაზრისმა“ (tvalsazrisi.ge) გამოაქვეყნეს ინტერვიუ დეკანოზ დავით ისაკაძესთან, რომელიც კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ საუბრობს.

დეკანოზის მტკიცებით, „ვაქცინას ქმნიან იგივე ჯგუფები, ვინც ვირუსი შექმნა და ვირუსის მსგავსად, ვაქცინაც კაცობრიობის განადგურების მიზნით არის შექმნილი“.

მისივე განცხადებით, „უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ კოვიდ-19 პლანეტის მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირების მიზნით ხელოვნურად შექმნილი ვირუსია“.

გადამოწმებული: 1tv.ge

The New York Times-ის მიხედვით, თეთრი სახლის მიერ, 2021 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ამერიკულმა სადაზვერვო სააგენტოებმა ვერ მოახერხეს დაედგინათ კოვიდ-19-ის წარმომავლობა. კერძოდ, არის თუ არა ვირუსი ხელოვნურად, ლაბორატორიაში შექმნილი თუ სხვა ბუნებრივ გარემოებებში წარმოიშვა. სტატიაში აღნიშნულია, რომ სადაზვერვო სამსახურები ვერ მოახერხებენ გამოძიების მიზნების შესრულებას ჩინეთის მთავრობის სრული თანამშრომლობის და გამჭვირვალობის გარეშე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულია 7 დასახელების ვაქცინა: „მოდერნა“, „პფაიზერი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და ინდოეთის „სერუმის ინსტიტუტის“ მიერ „ასტრაზენეკას“ ფორმულით შექმნილი „კოვიშილდი“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ, შვიდი ვაქცინის შემქმნელ ჯგუფებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. მათი მწარმოებლები და შემმუშავებელი კომპანიები სხვადასხვაა, მათი ვაქცინის წარმოების ტექნოლოგია კი – განსხვავებული.

„პფაიზერის” mRNA ვაქცინა შექმნილია გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ.

„მოდერნას“ mRNA კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთობლივად შექმნეს ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIAID) და ამერიკის მოწინავე ბიოსამედიცინო კვლევისა და განვითარების სამმართველომ (BARDA).

„ასტრაზენეკას“ ვირუსული ვექტორის ვაქცინა შექმუშავებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ.

ამერიკული კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვირუსული ვექტორის ვაქცინის შემუშავება მოხდა ნიდერლანდებსა და ბელგიაში, კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ლაბორატორიებში.

„სინოფარმის“ ვაქცინა შეიქმნა სინოფარმის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტში, ხოლო „სინოვაკის“ – ბიოფარმაციული კომპანია Sinovac Biotech-ის ლაბორატორიაში. ორივე ჩინური ვაქცინის მთავარი ინგრედიენტი ინაქტივირებული ვირუსია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადება, რომ „ვაქცინას ქმნიან იგივე ჯგუფები, ვინც ვირუსი შექმნა და „კოვიდ-19“ პლანეტის მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირების მიზნით ხელოვნურად შექმნილი ვირუსია“, წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით