ვაქცინაციის წახალისება

მოწოდებული ინფორმაცია

ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს წამახალისებელი აქციები, დაწესებულია საჩუქრები, ფასდაკლებები და ა.შ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართველი დამსაქმებლები გაითვალისწინებენ საერთაშორისო გამოცდილებას და  თანამშრომლების ვაქცინაციის წახალისებას უზრუნველყოფენ.

გადამოწმებული: 1tv.ge

 „ანტიფეიკი“ დაინტერესდა, როგორ ახერხებენ მსოფლიოს ქვეყნები ვაქცინაციის ტემპის აწევას სხვადასხვა ტიპის შეღავათებით და გათამაშებებით.

ისრაელი

ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ქვეყანაში მოქმედებდა ე.წ „მწვანე საშვი“ სრულად ვაქცინირებული ან კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის. მისი საშუალებით, მოქალაქეებს შეეძლოთ  სპორტულ დარბაზებში, სასტუმროებში და რესტორანებში შესვლა. დღიური დადასტურებული შემთხვევების კლების ფონზე, პირველი ივნისიდან, ისრაელმა „მწვანე საშვის“ აუცილებლობა გააუქმა. თუმცა, შემდგომში, „დელტა ვარიანტის“ გავრცელების კვალობაზე, ქვეყანა 29 ივლისიდან აპირებს, „მწვანე საშვის“ სისტემას დაუბრუნდეს.

აშშ

ნიუ-იორკი

იმის შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებელი დაეცა, შტატმა „Vax and Scratch” კამპანია წამოიწყო. გუბერნატორმა ენდრიუ კოუომომ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ 20 დოლარის ღირებულების გადასაფხეკი ლატარიის ბილეთი გადაეცემოდა ყველა სრულწლოვან პირს, რომელიც „პფაიზერის“, „მოდერნას“ ან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ერთ დოზას გაიკეთებდა.

გადასაფხეკი ლატარიის მაქსიმალური პრიზი 5 მილიონი დოლარია, ხოლო მინიმალური მოგება – 20 დოლარი. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვაქცინაციის პროცესი სწრაფი და მარტივი გავხადოთ. ვაქცინაციის პროცესი, შტატის მასშტაბით, შენელებულია და ჩვენ მოვიგონეთ კრეატიული გზები, რათა უფრე მეტმა ადამიანმა გაიკეთოს ვაქცინა“, – განაცხადა ენდრიუ კუომომ.

Associated Press-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატში ლატარიაში მოგების ალბათობა ცხრიდან ერთია.

ოჰაიო

ოჰაიოში ტარდება კამპანია “Vax a Million”, რომლის მიზანი COVID-19-ის ვაქცინების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა. კამპანიის ფარგლებში, 12-დან 17 წლამდე მოზარდებს, რომლებსაც ვაქცინის ერთი დოზა მაინც ექნება გაკეთებული, შტატი ავტომატურად დაარეგისტრირებს გათამაშებაში. მისი ხუთი გამარჯვებული ოჰაიოს მასშტაბით არსებული ნებისმიერი სახელმწიფო კოლეჯის თუ უნივერსიტეტის სრულ სტიპენდიას მიიღებს (სტიპენდიაში შედის სწავლის საფასური, საცხოვრებლის, კვების და სასწავლო რესურსების ხარჯები). რაც შეეხება სრულწლოვან მოქალაქეებს, ისინი ავტომატურად რეგისტრირდებიან გათამაშებაში, რომელშიც ხუთი გამარჯვებული ერთ მილიონ დოლარს მოიგებს.

კალიფორნია

მაისის თვეში შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომ, ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად, წარადგინა “Vax for the Win” პროგრამა. კამპანიის ფარგლებში 12 წლის ასაკს გადაცილებული ყველა კალიფორნიელი, რომელსაც ვაქცინის ერთი დოზა მაინც ექნებოდა გაკეთებული, ავტომატურად რეგისტრირდებოდა 4 და 11 ივნისს გასამართ გათამაშებაში. ამ გათამაშებების 30 გამარჯვებული, ჯამში, 50 მილიონ დოლარს მიიღებდა.

მეტიც, ნიუსომ გამოაცხადა, რომ 27 მაისიდან, პირველი  ორი მილიონი ადამიანი, რომელიც სრულად აიცრებოდა, 50-დოლარიან სასაჩუქრე ბარათს მიიღებდა (ამ კამპანიის საერთო ღირებულებამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა).

მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც მოქალაქეების ვაქცინაციას შეუწყობდა ხელს, კოლორადოს, ილინოისის, მენის, მინესოტას და დელავერის შტატებშიც განხორციელდა.

ევროპა

ევროპის ქვეყნებში მოქმედი რესტორნების, სასტუმროების და მაღაზიების ქსელებმა წამოიწყეს კამპანიები, რომლის ფარგლებშიც, სრულად ვაქცინირებულ მომხმარებლებს წამახალისებელ საჩუქრებს უკეთებენ, მაგალითად, უფასო დონატის, ლუდის თუ ნაყინის სახით. კონცერტების და სპორტული სანახაობის ორგანიზატორებმა კი მაის-ივნისში, სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებისთვის, გასამართ ღონისძიებაზე დასასწრები უფასო ბილეთების დარიგება დაიწყეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით