მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 8 მაისს საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ფრონტმა“ (georgia-news.info) გაავრცელა ფეისბუქ-მომხმარებელ კაკო სვანიძის პოსტი, რომლის თანახმად, თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის დემონტაჟი იგეგმება, თავად ეს „ინიციატივა“ კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიეწერება.

„ქუთაისში გენიალური დიდების მემორიალი ავაფეთქეთ. ეხლა კიდე ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის დემონტაჟს ვაპირებთ. იცის მაინც იმ ქალმა პრეზიდენტი რომ ქვია, რომ იქ მართლაც ქართველი ჯარისკაცი განისვენებს, და შვილმკვდარ დედებს, უმამოდ დარჩენილ შვილებს, შვებად ჰქონდათ აქ დასვენებული ცხედარი ყველასი შვილად, მამად და ძმად ეგრძნოთ“, – ციტირებს „ნიუს ფრონტი“ ფეისბუქმომხმარებლის პოსტს.

გადამოწმებული: 1tv.ge

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „ანტიფეიკი“ დაუკავშირდა ქალაქ თბილისის მერიას.

„ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, არცერთი ძეგლის, მათ შორის, არც უცნობი ჯარისკაცის საფლავის დემონტაჟი არ განხორციელდება… ვაკის პარკს შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე, იცვლება მხოლოდ შიდა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, გამწვანება და საპარკე ინფრასტრუქტურა. სხვა ყველაფერი რჩება იდენტური“, – განუცხადეს „ანტიფეიკს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში.

ამდენად, საინფორმაციო სააგენტო„ნიუს ფრონტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის დემონტაჟი იგეგმება, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით