„სინამდვილეში, პოლონელი ბლოგერი დაჭრილი არ ყოფილა! იყო ცემის ფაქტი და დაჭრის მცდელობა..."

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 13 ივლისს, ფეისბუქის მომხმარებლმა , „ქართული მარშის” ყოფილმა წევრმა, ლადო სადღობელაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი.  სადღობელაშვილის თქმით, ის 5 ივლისს დაზარალებულ პოლონელ ტურისტს, ბლოგერ იაცეკ კოლანკიევიჩს ესაუბრა და გაარკვია, რომ ის, რეალურად, არავის დაუჭრია. სადღობელაშვილი ქართულ მედიას სიყალბის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს. სადღობელაშვილის აღნიშნული პოსტი ფეისბუქის 763 მომხმარებელმა გააზიარა.

გადამოწმებული: 1tv.ge

იმის გასარკვევად, თუ რა დაზიანებების გამო მოათავსეს იაცეკ კოლანკიევიჩი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, „ანტიფეიკი“ კლინიკის დირექტორს, ქეთი ბარათელს დაუკავშირდა.

„პოლონელი ტურისტი კლინიკაში მოათავსეს მძიმე დაზიანებებით და ფილტვის პლევრაციის დიაგნოზით, მას ფილტვი ჰქონდა გახვრეტილი. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდა დრენაჟის გამოყენება“, – განუცხადა „ანტიფეიკს“ ქეთი ბარათელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს პოლონელი ბლოგერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მის სიცოცხლეს ნამდვილად ემუქრებოდა საფრთხე.

იმ ფაქტსს, რომ იაცეკ კალანკიევიჩს დაზიანებები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

უწყების მიერ 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა… პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“.

შესაბამისად, ლადო სადღობელაშვილის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტი („სინამდვილეში, პოლონელი ბლოგერი დაჭრილი არ ყოფილა! იყო ცემის ფაქტი და დაჭრის მცდელობა…“), არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით