

მოწოდებული ინფორმაცია
რუსულ საიტებზე და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, შვეიცარიელებს „მოუწოდებენ, უჩივლონ მეზობლებს, ვინც 19 გრადუსზე მეტად გაათბობს სახლს“.
რუსული მედისაშუალებების მტკიცებით, შვეიცარიის ქუჩებში გამოკრულია პოსტერები, რომლითაც „შვეიცარიის სამოქალაქო საზოგადოება“ მოუწოდებს მოქალაქეებს კანონდამრღვევი მეზობლების დაბეზღებას, თუ მათ სახლში 19 გრადუსზე უფრო მაღალი ტემპერატურაა. ამასთან, პოსტერზე მითითებულია ტელეფონის ნომერი და გამოსახულია ემბლემა, იმის დასტურად, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყნის ფედერალური მთავრობის მიერ. პოსტერზე ასევე აღნიშნულია, რომ მეზობლების დაბეზღებისთვის მოქალაქეებს გარკვეულ გასამრჯელოს გადაუხდიან.
„შენი მეზობლის ბინაში ტემპერატურა 19 გრადუსზე მეტია? გთხოვთ შეგვატყობინოთ. ჯილდო 200 ფრანკი“, – ციტირებენ პლაკატის შინაარსს რუსული მედიასაშუალებები.
გადამოწმებული: 1tv.ge
როგორც „სტოპფეიკმა“ დაადგინა, შვეიცარიის ფედერალურმა მთავრობამ უარყო თავისი მონაწილეობა „სოციალურ რეკლამაში“, რომელიც მეზობლების სახლებში მაღალი ტემპერატურისთვის მოქალაქეებს ხელისუფლების ინფორმირებისკენ მოუწოდებს. მეტიც – ქვეყნის ფედერალურმა პოლიციამ, ამ ყალბი პლაკატის ავტორების გამოსავლენად, გამოძიება დაიწყო.
„ასეთი პლაკატები არ არსებობს. ჩვენ არ მოგვიწოდებია ხალხისთვის, რომ კანონდამრღვევი მეზობლების შესახებ შეგვატყობინონ“, – განუცხადა შვეიცარიულ გამოცემა „20 Minuten“-ს ფედერალური ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სიმონე ჰუგმა.
ასევე ირკვევა, რომ პლაკატი, როგორც ჩანს, შვეიცარიაში არსად ყოფილა გამოკრული. შვეიცარიული ვებსაიტის, Ultra Swiss-ის თანახმად, „გამოსახულება ისეა დამზადებული, თითქოს ის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშია გამოკრული“.
პლაკატი რომ ყალბია, ადვილად დასტურდება Google-ში გამოსახულების საპირისპირო ძიების გამოყენებითაც.
საიტ Freepik-ზე, რომელზეც 25 მილიონზე მეტი გამოსახულება იძებნება, ამ სურათს ეწოდება ეწოდა „სარეკლამო მაკეტი ტექსტის გარეშე“, წერს „20 Minuten“.
გარდა ამისა, ორიგინალური სურათი იძებნება სურათების საიტ „Shutterstock“-ზე და მას თან ახლავს წარწერა: „ოფისში პანორამული ფანჯრის წინ მდგარი ინტერიერის ლამაზი დიზაინერი იყენებს თავის სმარტფონს, რათა თავის კლიენტთან პროექტის დეტალები განიხილოს“.
ამ დროისთვის უცნობია, თავდაპირველად ვინ დაიწყო ამ სიყალბის გავრცელება. ყატარის ჰამად ბინ ხალიფას უნივერსიტეტის დოცენტი მარკ ოუენ ჯონსი ეჭვობს, რომ გაყალბებული პლაკატი შესაძლოა დაკავშირებული იყოს რუსულ პროპაგანდასთან, რომელიც, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთში ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის შიშის დათესვას ცდილობს. ამის შესახებ ჯონსმა Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე დაწერა.
შვეიცარიულმა გამოცემებმა „RSI News“-მა და „Swissinfo“-მ ყალბი პლაკატის საშუალებით გავრცელებული სიცრუის შემცველი ინფორმაცია ასევე უარყვეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მსგავსი სიყალბე გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიელებს თავიანთი სახლების ზედმეტად გახურებისთვის დააპატიმრებენ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ „შვეიცარიელებს მოუწოდებენ, უჩივლონ მეზობლებს, ვინც 19 გრადუსზე მეტად გაათბობს სახლს“, არის სიყალბე.